კომიტეტებში ხვალ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება

კომიტეტებში ხვალ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება

საპარლამენტო კომიტეტებში ხვალ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზების თაობაზე შემუშავებული პროექტისგანხილვის პროცესი გაგრძელდება. კანონპროექტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით ცვლილებები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში და მასთან ერთად, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა.

გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს. ასეთი თანხმობა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება გაიცეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგ.

კანონპროექტით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას მიიღებს.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. მასზე იმსჯელეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

საკითხს აქტიურ ოპონირებას უწევს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ოპოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონდარღვევით შესვლაზე დაწესებული სანქციების შეცვლის მხარდაჭერას არ აპირებს.