დავით ნარმანია სტიქიით დაზარალებულ გორის მოსახლეობას შეხვდა

დავით ნარმანია სტიქიით დაზარალებულ გორის მოსახლეობას შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს გორში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, იმ სამშენებელო კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც დაზიანებულ სახურავებს აკეთებენ. მშენებლების განცხადებით, სამუშაოებს მალე დაასრულებენ და მრავალსართულიანი ბინების პრობლემა მოგვარდება.

მინისტრთან საუბრისას მოსახლეობის იმ ნაწილმაც ითხოვა დახმარება, რომელსაც საკუთარი სახლები აქვს და სტიქიის შედეგად სახურავები დაუზიანდა. ნარმანია მოსახლეობას საკითხის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომაზე გატანას დაჰპირდა.

შეხვედრის შემდეგ მინისტრმა გორში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

2013 წლის 24 მარტს ძლიერი ქარის შედეგად გორსა და გორის მუნიციპალიტეტში 65 საცხოვრებელი ბინის სახურავი დაზიანდა. აქედან 12 სრულ, 53 კი ნაწილობრივ გადახურვას საჭიროებს. საცხოვრებელი სახლების გარდა, დაზიანებულია საჯარო, სამუსიკო და საფეხბურთო სკოლები. სამუშაოების შესასრულებლად 1 306 411 ლარია გამოყოფილი.