ვანო მერაბიშვილი ომბუდსმენის მოსაზრებას ლაფანყურზე

ვანო მერაბიშვილი ომბუდსმენის მოსაზრებას ლაფანყურზე "იდიოტურ ბრალდებას" უწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი ომბუდსმენის მოსაზრებას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით "იდიოტურ ბრალდებას" უწოდებს. 

როგორც მერაბიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა, საქართველოს ოფიციალური ორგანოები ქვეყნისთვის "ტერორისტული იმიჯის შექმნას" ცდილობენ.

"დღეს ვნახე ბრალდების წაყენების ახალი, ორიგინალური მეთოდი - როცა ომბუდსმენის მეშვეობით ხდება ბრალის წაყენება. ეს არის სრულიად იდიოტური ბრალდება. უფრო მეტი კომენტარის გაკეთება ასეთ განცხადებებზე შეუძლებელია. ეს არის მცდელობა, საქართველოს შეუქმნან ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯი. საქართველოს უკვე მიაწებეს პოლიტპატიმრების ქვეყნის იმიჯი, ახლა უნდათ, შეექმნას ტერორისტული ორგანიზაციების მომზადების და ტერორისტული ბაზების მქონე ქვეყნის სტატუსი. მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი განცხადება ბოლოს და არაერთგზის გააკეთა პატრუშევმა. დღეს უკვე საქართველოს ოფიციალური ორგანოები იმეორებენ პატრუშევის ბრალდებას. ეს არის ძალიან იდიოტური, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ დაკვეთას ახმოვანებენ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის თანახმად, ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.