მეუფე სერაფიმე - ქართველი სასულიერო პირის შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან დადებითი მოვლენაა

მეუფე სერაფიმე - ქართველი სასულიერო პირის შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან დადებითი მოვლენაა

ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართველი სასულიერო პირი პირველად შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველ პირს და ეს ფაქტი უკვე დადებითი მოვლენაა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქომ, რუსეთის საპატრიარქოს დახმარებით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას შესთავაზა, შესაძლებელი იყო თუ არა შეხვედრა ქართველი სასულიერო პირების სოხუმში, რაზეც უარი მიიღო.

"ეს შეუძლებელი გახდა, მაგრამ, ფაქტია, რომ პირველად, სოჭში, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველ პირს. ამ შეხვედრას ორი აფხაზი მეცნიერი- დამენია და ღვინჯილია, ასევე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტოპოლიტი ილარიონი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილული იყო ჩვენი სამომავლო და დღევანდელი ეკლესიური ურთიერთობების საკითხები. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველმა პირმა, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზმა ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, რომ აფხაზი ხალხი ისწრაფვის დამოუკიდებლობისთვის, რომ ის მადლობელია რუსეთის სახელმწიფოსი, რომელმაც აფხაზეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ასევე ისწრაფვის, რომ ეკლესიურადაც მოიპოვონ დამოუკიდებლობა. ამაზე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ილარიონმა, უთხრა, რომ კანონიკურ ჩარჩოებში უნდა იყოს ნებისმიერი მცდელობა, რომ ყველაფერი ეკლესიურ კანონმდებლობას უნდა ექვემდებარებოდეს",-განაცხადა მიტროპოლიტმა სერაფიმემ და აღნიშნა, რომ ილარიონის ნათქვამში იგულისხმებოდა, რომ აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციას ეკუთვნის.

მეუფე სერაფიმეს განცხადებით, შეხვედრაზე დაისვა საკითხი, შესაძლებელი იყო თუ არა ქართველი სასულიერო პირების ჩაბრძანება სოხუმში, რაზეც აფხაზური მხარის წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ ეს შეუძლებელია.

ქართველი სასულიერო პირის თქმით, ანქვაბმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა მათ, რომ ცალკე უნდა იყვნენ ქართველებისგან, რომ შეუძლებელია მათი საქართველოს წიაღში დაბრუნება.

"ანქვაბმა თქვა - პატივს ვცემთ ქართველ ხალხს, თქვა, რომ უსურვებს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს მშვიდობას, მაგრამ ჩვენ, აფხაზი ხალხი ვდგავართ დამოუკიდებელ გზაზეო", - აღნიშნა მეუფე სერაფიმემ.

რაც შეეხება კითხვას, დაიგეგმა თუ არა მსგავსი შეხვედრები, მეუფე სერაფიმემ განაცხადა, რომ ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა, შეხვედრის მონაწილეების მიერ აღინიშნა, რომ კარგი იქნება, თუ მსგავსი შეხვედრა მომავალშიც შედგება.

როგორც ცნობილია, ქართველი და რუსი სასულიერო პირების აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრა 29 მარტს სოჭში შედგა.