ლაფანყურში დაღუპული არჩილ ჩოხელის მშობლებს იმედი აქვთ, რომ შვილის გარდაცვალების რეალურ ამბავს გაიგებენ

ლაფანყურში დაღუპული არჩილ ჩოხელის მშობლებს იმედი აქვთ, რომ შვილის გარდაცვალების რეალურ ამბავს გაიგებენ

ლაფანყურის სპეცოპარეციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის მშობლები რუსლან და ეთერ ჩოხელები იმედს გამოთქვამენ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და მათი შვილის გარდაცვალების რეალურ ისტორიას შეიტყობენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" კორესპონდენტი მცხეთის რაიონის სოფელ გალავნიდან იტყობინება, ლაფანყურის სპეცოპარაციის დროს დაღუპული არჩილ ჩოხელის მშობლებს დღეს იმედი მიეცათ სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სატელევიზიო კომენტარის შემდეგ, სადაც ნანუაშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ეთერ ჩოხელმა განაცხადა, რომ აქამდე მათი შვილის დაღუპვის შესახებ წინა ხელისუფლების დროს გავრცელებული ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა აქვთ ეჭვი, რომ მათი შვილი არ მომკვდარა ჩეჩნებისა და ქისტების მიერ ლოპოტას ხეობის ტყეში. ეთერ ჩოხელი აცხადებს, რომ მისი შვილი სპორტსმენი იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩეჩენ და ქისტ სპორტსმენებთან და, შესაბამისად, მის შვილს მისი მეგობრები სასიკვდილოდ არ გაიმეტებდნენ.

გარდა ამისა, ეთერ ჩოხელმა ისიც აღნიშნა, რომ სავარაუდოდ მისი შვილი ქართული ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებმა იმის გამო გაწირეს, რომ სპორტული მიღწევების გამო ბიძინა ივანიშვილისგან ხელფასს იღებდა. გარდა ამისა, როგორც ეთერ ჩოხელი აცხადებს, როდესაც ეს ტრაგედია შეიტყვეს მათი შვილის გარდაცვალების შესახებ, რაიმე ოფიციალური ახსნა-განმარტება არ მიუღიათ და როდესაც ჩოხელების ოჯახმა დეტალებში გარკვევა მოინდომა, მათ სოდ-ისა და კუდ-ისა თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.

მშობლების ინფორმაციით, მათ დღემდე არ მიუღიათ ექსპერტიზის დასკვნა შვილის გარდაცვალების შესახებ.

არჩილ ჩოხელის მამის, რუსლან ჩოხელის თქმით კი, მათი პირველი მოთხოვნა და სურვილია სიმართლე გაირკვეს, გაირკვეს მათი შვილის გარდაცვალების რეალური ისტორია. როგორც ჩოხელები აცხადებენ, მათი შვილის გარდაცვალების გამო 349 ლარიანი დახმარება დაენიშნათ, თუმცა ოჯახის ერთ-ერთ წევრს პენსია მოეხსნა.

ასევე, არჩილ ჩოხელის მშობლები აღნიშნულ ინციდენტში და ტრაგედიაში მთავარ დამნაშავედ ძალოვანი უწყების მაშინდელ მაღალჩინოსან გვარად აბაშიძეს და მაშინდელ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ასახელებენ, შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძესთან ერთად.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სპეცოპერაციის დროს დაღუპული არჩილ ჩოხელი და სოსო წიკლაური ჩეჩენთა ჯგუფის და მათი გარდაცვალება გარკვეულ ეჭვებს აჩენს.