ბათუმში მომხდარ ინციდენტზე გენინსპექციის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი

ბათუმში მომხდარ ინციდენტზე გენინსპექციის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თანამშრომლებსა და აჭარის შს სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საია-ს თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განუცხადა, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი არსი იყო ის, რომ მას მინისტრის მოადგილისთვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ასევე მოესმინა ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია.
კოჟორიძის თქმით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გენინსპექციის მიერ საკითხის შესწავლა და მოკვლევა და გენინსპექციის პოზიცია დღესვე იქნება ცნობილი. მისი ინფორმაციით, დღეს, სავარაუდოდ 20:00 საათზე იგი საკუთარ თანამშრომლებთან ერთად გენინსპექციის თანამშრომლებს შეხვდება. "ამ შეხვედრაზე გავიგებთ დეტალურ ინფორმაციას, რა მოიკვლია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ", - აღნიშნა მან.

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის ინციდენტი გუშინ მოხდა. როგორც საია-ს წარმომადგენლები ამბობენ, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გუშინ ჯერ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საია-ს მძღოლი რომან ფარტენაძე ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მართავდა და საგზაო მოძრაობის ნიშნებს არ დაემორჩილა, რითაც თელიას ავტომანქანას ავარიული სიტუაცია შეუქმნა, მოგვიანებით კი, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

საია შსს-ს ცალმხრივობაში ადანაშაულებენ და მიიჩნევს, რომ მათი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც არ ჰქონდა ვალერი თელიას უფლება, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. საია თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. გუშინვე ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვა.