ოსურმა მხარემ 18 წლის უშანგი დოთიაშვილი გაათავისუფლა

ოსურმა მხარემ 18 წლის უშანგი დოთიაშვილი გაათავისუფლა

ოსურმა მხარემ სამი დღის წინ დაკავებული 18 წლის უშანგი დოთიაშვილი გაათავისუფლა. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება, ე.წ. საზღვრისპირა სოფლის მკვიდრი ახალგაზრდა, რუსმა მესაზღვრეებმა საცხოვრებელი სახლიდან ასიოდე მეტრის დაშორებით დააკავეს. სამდღიანი მოლაპარაკებების შედეგად, ოსურმა მხარემ ცოტა ხნის წინ ერგნეთის საგუშაგოზე დოთიაშვილი ქართველ სამართალდამცავებს გადასცა.

გათავისუფლებულის თქმით, რუსმა მესაზღვრეებმა იგი ჯერ ღრომის მილიციაში, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს.

უშანგი დოთიაშვილის განცხადებით, მასზე ცხინვალის საპატიმროში არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია და შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი აწარმოებდა. აღნიშნული მოლაპარაკებების საფუძველზე, ოსმა ე.წ. ძალოვანებმა ქართულ მხარეს კიდევ ორი დაკავებული - შუბითიძე და ჯეირანაშვილი გადმოსცეს.