საგამოძიებო სამსახურში თბილისის საკრებულოს შვიდი წევრია დაბარებული

საგამოძიებო სამსახურში თბილისის საკრებულოს შვიდი წევრია დაბარებული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეისთვის თბილისის საკრებულოს უმრავლესობის შვიდი წევრია დაბარებული. ამ ფაქტის გამო, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, კოკი იონათამიშვილმა, საკრებულოს უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართეს. 

ზაალ სამადაშვილის განცხადებით, რაც ბოლო პერიოდში ხდება საკრებულოს უმრავლესობის წევრების მიმართ, ყოველგვარ ზღვარს სცდება, ბრძოლის მეთოდები მრავალგვარია, ე.წ. გასაუბრებიდან დაწყებული, დაკითხვებით დამთავრებული.

სამადაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, 12.00 საათისთვის ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს დავით წერეთელი, შოთა ქურდაძე, ვახტანგ ცაგარეიშვილი, ხვიჩა სანაია, თემურ გრიგალაშვილი, ბესო ბენდელიანი და მამუკა გუგეშაშვილი. დღევანდელი საკრებულოს სხდომის გამო, ისინი ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე 17.00 საათის შემდეგ მივლენ, კანონი მათ ამის საშუალებას აძლევს. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლება ხელყოფისაგან.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, კოკი იონათამიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პაექრობა ყველა ზღვარს სცდება და მათი ოპონენეტები საგამოძიებო ორგანოებთან ერთად, უნისონში დაკავებული არიან საკრებულოს თავჯდომარის შევცლისა და უმრავლესობის მოპოვებით.

პრესკონფერენციაზე საგამოძიებო სამსახურში დღეს დაბარებულმა მამუკა გუგეშაშვილმა განაცხადა, რომ არის საკრებულოში "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატი, შეხება არ ჰქონია ბიუჯეტთან და მისთვის უცნობია, რა საკითხებზე სურთ მისი დაკითხვა.

ამასთან, მამუკა გუგეშაშვილი მათი ფრაქციის ყოფილ წევრებს, რომლებმაც დატოვეს ფრაქცია, ზეწოლასა და სკამებისთვის ბრძოლაში ადანასაულებს.

პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა საკრებულოს უმრავლესობის წევრების უფლებების დამცველმა, ადვოკატმა ელენე ლაზარიშვილმა.

მისი თქმით, I წარმოადგენს ფირმას K&M, რომელიც იცავს საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ინტერსებს. ელენე ლაზარიშვილმა განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-18 ნაწილით საკრებულოს დეპუტატებს აქვთ უფლება, საპატიო ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადნენ საგამოძიებო ორგანოებში და მოახდინონ ამ საპატიო მიზეზის შესახებ ინფორმირება საგამოძოებო ორგანოების.