მაია ხასია

მაია ხასია "ჯიპების" შესყიდვაზე ტენდერს ვერ იხსენებს

მაია ხასია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, თანამედროვე აღჭურვილობის მქონე "ჯიპების" შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებას ვერ იხსენებს. ამის შესახებ მაია ხასიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. 

"არ მახსოვს, რომელ ტენდერზე საუბრობთ. მე წამოსული ვარ, საქმეებში არა ვარ ჩახედული, ზეპირად რომ გიპასუხოთ, არაკვალიფიციური და არასწორი იქნება. ტენდერების გამოცხადებას სპეციალური სამსახური უზრუნველყოფდა, ამიტომ ასე ზეპირად ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა მაია ხასიამ.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (სად)ყოფილი ხელმძღვანელის მაია ხასიას თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გამოცხადებული ტენდერი გააუქმა.
ტენდერი გამოცხადებული იყო სატრანსპორტო საშუალებების, კერძოდ "ჯიპების" შესყიდვაზე, რისთვისაც სად-მა 126 ათასი ლარი განსაზღვრა.

"ინტერპრესნიუსი" ტენდერის გაუქმების გადაწყვეტილებაზე კომენტარისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ავტოტრანსპორტზე ტენდერის გამოცხადების საჭიროება არ იყო.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მაია ხასიას თანამდებობიდან გათავისუფლება აღნიშნულ ტენდერს, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ "ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს".

ამასთან, ტენდერზე ინფორმაცია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსდა.

სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ ავტომობილი, რომელსაც დეპარტამენტი შეიძენს, უნდა იყოს 2013 წლის მოდელი, არანაკლებ 8-ადგილიანი, უნდა ჰქონდეს: ინტეგრირებული მონიტორი ჭერში, ნავიგაცია, ეკრანი, ხმით გამოძახება, ბლუთუსი, გარე სარკეები გათბობით მეხსიერებით, ჩაკეცვით კამერით, კრუიზ კონტროლი, მაცივარი, ელ. საათი, გარეთა ტემპერატურეს მაჩვენებელი, ტყავის სალონი შავი, გვერდითი საფეხურები ხის და ტყავის სიჩქარეების გადამრთველი, ტყავის და ხის კომბინირებული საჭე გათბობით, ელექტრონული ლუქი დისტანციური მართვით, წინა სკამების კონდიცირება, უკანა სალონის სწრაფი გათბობა და გაციება. მითითებულ პირობებში წერია, რომ სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი).

მაია ხასიას თანამდებობიდან გათავისუფლება სწორედ ტენდერის გამოცხადების პერიოდს ემთხვევა. მედიაში ხასიას სად-ის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 14 მარტს გავრცელდა. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ ხასიას გათავისუფლება რუსთავის ქალთა დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა.

ხასია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად კი, მიხეილ ღურწკაია დაინიშნა.