"ბათუმის სახლთან" საიას წარმომადგენლები და მოქალაქეები მორიგეობას არ წყვეტენ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "ბათუმის სახლთან" მორიგეობას არ წყვეტს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საია-ს ბათუმის ორგანიზაციის იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა განუცხადა , მორიგეობა დღესაც გრძელდება და მასში ბათუმში მოქმედი სხვა ორგანიზაციების წევრები და მოქალაქეები მონაწილეობენ. 

"წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში ველოდებოდით გენერალური ინსპექციის წარმომადგენლების მოსვლას და საგამოძიებო მოქმედებების კუთხით შესაბამისი ღონისძიების გატარებას. ამასთან, ამ მორიგეობით ჩვენ ვიცავთ ობიექტს, რომ შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან დარჩენილი ვიდეოკადრების სრული განადგურება არ მოხდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩანაწერის დარჩენილ ნაწილსაც გაანადგურებენ, რამდენადაც ვიდეოფირის გარკვეული ნაწილის განადგურების შესაძლებლობა გუშინ უკვე გამოიყენეს. ვფიქრობთ იმასაც, რომ წაშლილი ფაილის აღდგენა შეიძლება, არის ამის შესაძლებლობა, ამიტომაც ვახდენთ 24-საათიან მორიგეობას და ვცდილობთ ობიექტში ნებისმიერი გარეშე პირის შესვლა დავაფიქსიროთ. ჩვენ სოლიდარობას გვიცხადებს ბათუმში მოქმედი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. ისინი მორიგეობაში ჩვენთან ერთად მონაწილეობენ", - აღნიშნა გიორგი ხიმშიაშვილმა.

საია-ს იურისტს იმედი აქვს, რომ "ბათუმის სახლში" გენერალური ინსპექციის ან ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლები დღეს მაინც მივლენ.

"ანტიკორუფციულ სამსახურში გუშინ დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად მოვლენ. იმედია, დღეს ისინი აღნიშნულ ობიექტზე გამოცხადდებიან", - განმარტა ხიმშიაშვილმა.

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერი თელიას შორის ინციდენტი გუშინ მოხდა.

როგორც საია-ს წარმომადგენლები ამბობენ, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გუშინ ჯერ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საია-ს მძღოლი რომან ფარტენაძე ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მართავდა და საგზაო მოძრაობის ნიშნებს არ დაემორჩილა, რითაც თელიას ავტომანქანას ავარიული სიტუაცია შეუქმნა, მოგვიანებით კი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

საია-ში შსს-ს ცალმხრივობაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ მათი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც არ ჰქონდა ვალერი თელიას უფლება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. საია თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.