ალექსანდრე ანქვაბი:  ქართულ ეკლესიასთან სულიერი კავშირი აღარ აღსდგება

ალექსანდრე ანქვაბი: ქართულ ეკლესიასთან სულიერი კავშირი აღარ აღსდგება

ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სულიერი კავშირი დიდი ხანია, დაკარგულია და აღარ აღსდგება. აფხაზური მედიის ინფორმაციით , ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა სოჭში სასულიერო პირებთან შეხვედრაზე განაცხადა. მათი ინფორმაციით, ამ შეხვედრას ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე, ასევე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიაქროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი და სხვები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანქვაბმა განაცხადა, რომ სულიერი კავშირი აფხაზეთის მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, აფხაზ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დიდი ხანია დაიკარგა და აღარ აღსდგება.

მეუფე სერაფიმემ კი ხაზი გაუსვა სამშვიდობო ღვთისმსახურების აუცილებლობას, რომელიც მიმართულია ხალხებს შორის მეგობრობის გამყარებისკენ.

როგორც რუსეთის საპატრიაქროს წარმომადგენელმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ პრობლემების გადაწყვეტის გზა შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ ეკლესიური კანონების დაცვით.
შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მიზანშეწონილი იქნება ასეთი კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდეს.