აკაკი ბაქრაძის დაბადებიდან 85 წელი სრულდება

აკაკი ბაქრაძის დაბადებიდან 85 წელი სრულდება

დღეს, 29 მარტს, ქართველი კრიტიკოსის, ხელოვნებათმცოდნის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, აკაკი ბაქრაძის დაბადებიდან 85 წელი სრულდება. აკაკი ბაქრაძე 1928 წლის 29 მარტს თბილისში დაიბადა.
1948 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოზურგეთში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა კინოსტუდია ''ქართული ფილმის'' სასცენო განყოფილების რედაქტორად, უფროს რედაქტორად, შემდეგ სასცენო სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად. იყო საქართველოს რუსთაველის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, საქართველოს კინომატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

აკაკი ბაქრაძემ პირველი წერილი (რეცენზია ფილმზე ''ჩვენი ეზო'') გამოაქვეყნა ჟურნალ ''ცისკარში''. 1966 წ. გამოსცა პირველი წიგნები: ''კინოკრიტიკული ეტიუდები'' და ''კრიტიკული წერილები''. წიგნში ''მითოლოგიური ენგადი'' იგი ერთ-ერთი პირველი იკვლევდა თანამედროვე ქართულ მწერლობაში მითოლოგიზაციის პროცესს, წიგნში ''ილია ჭავჭავაძე'' ახალი კუთხით გააანალიზა დიდი მწერლისა და მოღვაწის შემოქმედების, მსოფლმხედველობისა და ტრაგიკული აღსასრულის პრობლემები.

აკაკი ბაქარაძის წიგნებია: ''სჯანი'' (1972 წ.), ''ფიქრი და განსჯა'' (1972 წ.), ''კრიტიკული გულანი'' (1977 წ.), ''მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა'' (1978 წ.), ''პილპილმოყრილი მადლი'' (1989 წ.), ''რწმენა'' (1990 წ.), ''მწერლობის მოთვინიერება'' (1990 წ.), ''ილია და აკაკი'' (1993 წ.), ''დაწუნებული გზა'' (1995 წ.).

აკაკი ბაქრაძე 1989 წ. აირჩიეს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტად, იყო სსრკ სახ. დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი (1989-1991 წწ.), 1989 - 1991 წწ. რუსთაველის საზოგადოების თავჯდომარე, 1991 - 1996 წწ. კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

აკაკი ბაქრაძე გარდაიცვალა 1999 წლის 5 დეკემბერს.