საია-ს თავმჯდომარე შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

საია-ს თავმჯდომარე შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართლებრივ გამოძიებას და შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
როგორც კახა კოჟორიძემ გუშინ საღამოს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოვლენები ამ ფაქტთან დაკავშირებით ისე განვითარდა, როგორსაც არ ისურვებდნენ. მისი თქმით, ჯერჯერობით არსებობს ვიდეომასალა, თუ როგორ შედის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი პირი "ბათუმის სახლში", რომლებმაც სავარაუდოდ "ბათუმის სახლის" ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული ფირი გაანადგურეს. ამ ფირს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" "ბათუმის სახლის" მფლობელისგან ითხოვდა, თუმცა, პოლიციის შიშით მათ არ გადასცეს.

კოჟორიძის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ორი პირის შენობაში შესვლის ამსახველი ვიდეომასალით დაინტერესებას და ამ ჩანაწერის დაცვას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სამართალდამცავებისაგან ითხოვდა. თუმცა, რამდენიმე საათის განმავლობაში მათ მოთხოვნაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მისივე თქმით, მათი მოთხოვნის საპასუხოდ, შსს-ს გენინსპექციის დავალებით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რათა მათ ამოეღოთ კონკრეტული პირების მიერ "ბათუმის სახლში" მისვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. იმ მომენტისთვის ადგილზე საიას წარმომადგენლები და ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ.

კოჟორიძემ აღნიშნა, რომ მტკიცებულების ამოღების მიზნით მისულ პატრულის თანამშრომლებს შორის თავად ის პირი ამოიცნეს, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერზე ფიქსირდება. მისივე თქმით, აღნიშნული პოლიციის თანამშრომელი ქალაქის მე-2 განყოფილების უფროსი გიგლა მოსიძეა. მან "ბათუმის სახლში" მისვლის მიზეზი არ უარყო, თუმცა, კოჟორიძის შეფასებით, მოსიძე იქ სხვა მიზეზის გამო მივიდა.

"არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ პირი, რომელმაც სავარაუდოდ გაანადგურა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მოახდენს მისივე დანაშაულებრივი მოქმედების დამადასტურებელი მასალის სათანადო წესით მოპოვებას", _ დასძინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ყველაფერი ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ისე აეწყო, რომ მიმდინარეობს არა სამართლიანი გამოძიება, არამედ მტკიცებულებების განადგურება და მიჩქმვალვა.
ამასთან, საიას თავმჯდომარემ შეშფოთება გამოთქვა "ბათუმის სახლის" ვიდეო თვალის მიერ დაფიქსირებული ფირის განადგურების გამო, რომელზეც მათ თანამშრომელსა და აჭარის მთავარ სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას შორის ინციდენტი იყო ასახული.