2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე სოციალური მომსახურების სააგენტოში პრემიებზე 5 158 025 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს.
IDFI-ის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 4 930 960 ლარი განაწილდა თანამშრომლებზე, ხოლო 227 065 ლარი გაიცა სააგენტოს ხელმძღვანელობაზე. სააგენტოს დირექტორმა რამაზ სულამანიძემ 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე დროის პერიოდში პრემიის სახით მიიღო 33 665 ლარი. მის ოთხივე მოადგილეს კი სააგენტოს ხელმძღვანელზე დიდი ოდენობის პრემიები დაერიცხათ - მამუკა გელოვანს - 46 620 ლარი; მამუკა მაჭავარიანს - 49 610 ლარი; დავით დვალიძეს - 51 685 ლარი, კახა ხელაძეს - 45 485 ლარი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წლის 1-ელი იანვრიდან დირექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 600 ლარს, რაც წლიურად 31 200 ლარს უტოლდება. შესაბამისად, სააგენტოს დირექტორმა 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლის ჩათვლით ხელფასის ერთმაგი ოდენობის პრემია აიღო. დირექტორის მოადგილეების შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 400 ლარს, რაც წელიწადში 28 800 ლარს აღწევს.
"როგორც ზემოთ მოცემული ინფორმაციით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მოადგილეები ხელფასზე გაცილებით მეტ პრემიებს იღებდნენ. კერძოდ, მამუკა გელოვანი და კახა ხელაძე - ხელფასზე 1.4-ჯერ მეტს, მამუკა მაჭავარიანი - 1.5-ჯერ მეტს, ხოლო დავით დვალიძე - 1.85-ჯერ მეტ თანხას. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში სულ 1 773 ადამიანია დასაქმებული და სააგენტოს წლიური სახელფასო ფონდი 16 243 000 ლარს შეადგენს", - ნათქვამია IDFI-ის სტატიაში.
IDFI აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ორგანიზაციამ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა.
"ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული საჯარო ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. სააგენტომ უპასუხოდ დატოვა მოთხოვნა დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ. არასრულყოფილად არის მოწოდებული ინფორმაცია პრემიების შესახებ, რადგან თანამდებობის პირების პრემიები მოწოდებულია ჯამური სახით და არ არის დაკონკრეტება თვეების მიხედვით. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია", - აღნიშნულია IDFI-ის ინფორმაციაში.