"ყაზტრანსგაზმა" ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დააჯარიმა

კომპანია "ყაზტრანსგაზმა" ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დააჯარიმა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კომპანიამ კომერციულ სექტორში ექვსი არაკეთილსინდისიერი მომხმარებელი გამოავლინა , რომლებიც გაზგამანაწილებელი ქსელიდან ბუნებრივ აირს მრიცხველის გვერდით ავლით მოიხმარდნენ. ამ ქმედებით კომპანიას ჯამში 32 125 ლარის ზარალი მიაყენეს. 

არაკეთილსინდისიერ მომხმარებელთა შორის ლაურა ღაჭავას კომპანია "პროფით დევიზიც" აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ბიზნესმენი "ტელეიმედთან" საუბარში აცხადებს, აღნიშნული კომპანია დენით სარგებლობს და გაზი საერთოდ არ მიეწოდება. მისივე თქმით, ხაზი კომპანიის წინ, სხვის მიწაზე გადიოდა, იქ დანაკარგი აღმოაჩინეს, რაც "პროფით დევიზს" მიაწერეს.

ლაურა ღაჭავამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ითხოვს კომისიას, რომელიც მისივე თქმით, შეამოწმებს, რომ იგი გაზით საერთოდ არ სარგებლობს.

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით კი, სამინისტროს მოთხოვნაა, რომ ასეთი ფაქტები დაფიქსირებული იყოს. "ჩვენ მივმართავთ ასევე ენერგოკომპანიებს, რომ ეს უკანონო დატაცებები მაქსიმალურად იყოს შემცირებული. პირველ რიგში ეს ურტყავს კომპანიას, რაც ძალიან ცუდია და რა თქმა უნდა, შემდეგ ეს აისახება მოსახლეობაზეც და ტარიფზეც", - აღნიშნა კალაძემ.