ბარათელის საქმის განხილვა 29 მარტს გაგრძელდება

ბარათელის საქმის განხილვა 29 მარტს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმის განხილვა 29 მარტს 12 საათზე გაგრძელდება. ამჯერად პროცესზე ბრალდების მოწმეების (ორთაჭალის N1 საპყრობილის თანამშრომლების) დაკითხვაა დაგეგმილი.

პროცესს თავად გიორგი ბარათელიც დაესწრება, რომელსაც ბრალად დასდეს უკანონო ნივთის - ე.წ. შტირის შენახვა-მოხმარება, რის გამოც სამ წლამდე პატიმრობა შეიძლება დაუმატონ. შეგახსენებთ, რომ იგი მსჯავრდებულია აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში - 26 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი. ბარათელი სასჯელს 2007 წლის 20 მაისიდან იხდის. ბრალდებულ ბარათელის საქმეს განიხილავს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი.

წინა პროცესზე, 18 მარტს ბარათელის საქმეში ახალი პროკურორი - თამაზ ჯალიაშვილი ჩაერთო, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ქალაქ რუსთავში “ქართული ოცნების“ ადვოკატად მუშაობდა.

გიორგი ბარათელის საქმეზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დაიწყო მონიტორინგის განხორციელება. 18 მარტს საელჩოს მონიტორები სასამართლო დარბაზში იყვნენ.

გიორგი ბარათელი აცხადებს, რომ მას არანაირი აკრძალული ნივთი არ ჰქონია და შესაბამისად, ე.წ. შტირს, ვერც შეინახავდა და ვერც გამოიყენებდა. ბარათელის საქმეში დევს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ბრალდების მხარის საწინააღმდეგო რამ წერია.

სასჯელაღსრულების სამინისტრო პროკურატურასთან ერთად, საპატიმროს დერეფანში გადაღებულ ვიდეოკადრებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბარათელმა გასული წლის 27 ნოემბერს თანასაკნელს ზურგში “შტირი“ ჩაარტყა. ბრალდების პოზიციას შსს-ს მიერ ჩატარებული ექსპერტიზა არ ადასტურებს. ბარათელი და მისი უფლებების დამცველი ადვოკატი მამუკა ნოზაძე მიიჩნევენ, რომ ე.წ. შტირის ამბავი არის იმ პერმანენტული ზეწოლისა და პროვოკაციების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე, გურამ შარაძის დახვრეტის დღეს დაიწყო.