"ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანის ადვოკატების განცხადებით, ნოდარ გვიჩიანის ჩვენებები წინააღმდეგობათა ამოუწურავი საბადოა.
როგორც "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქმის მასალების განსაჯაროებისას გვიჩიანის ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა განაცხადა, ნოდარ გვიჩიანი ცრუ მოწმე, ცრუ დამსმენია, რომლის ჩვენებებზეც აიგო განაჩენი.
"ამ განაჩენში სიტყვა სიტყვით წერია, რომ ადამიანის ძვალი არის ელასტიური, იწელება და იკუმშება და ტყვიის გულამ ძვალზე შეიძლება დატოვოს თავისზე მცირე მოცულობის დაზიანება", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კი ნოდარ გვიჩიანის ცხრა ჩვენებებში არსებულ შეუსაბამობაზე მიუთითებს. ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ნოდარ გვიჩიანი ამბობს, რომ მკვლელობის შეკვეთა გია გვიჩიანისგან მკვლელობამდე ორი კვირით ადრე მიიღო. სხვა ჩვენებებში კი მიუთითებს, რომ შეკვეთა მკვლელობამდე 10 დღით, ერთი თვით და რამდენიმე დღით ადრე მიიღო.
ადვოკატის განმარტებით, ნოდარ გვიჩიანის მიერ ჩვენებების შეცვლა ნიკა ჩემიას ადგილმდებარეობას უკავშირდება. კერძოდ, ნიკა ჩემია, რომელიც გვიჩიანის თქმით, ორი კვირის განმავლობაში ნიკა ლომინაძეს უთვალთვალებდა და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდა, თბილისში არ იმყოფებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, ლომინაძე და ჩემია საქართველოდან ხშირად მიემგზავრებოდნენ და ერთადერთი დღე, როდესაც ორივე მათგანი თბილისში იმყოფებოდა მკვლელობის წინა დღე, 12 აგვისტო იყო.
კიდევ ერთი შეუსაბამობა, რომელზეც ადვოკატები მიუთითებენ, არის ის, რომ ნოდარ გვიჩიანს არ ახსოვდა თუ როდის და ვისგან გაიგო მკვლელობის შესრულების შესახებ.
ადვოკატის ინფორმაციით, ნოდარ გვიჩიანი ამბობდა, რომ მკვლელობის შესახებ მეორე დღეს, შემსრულებლის სახლში გაიგო. ხოლო მას შემდეგ, რაც სატელეფონო ანძების მეშვეობით აღმოჩნდა, რომ ბათუმში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მკვლელობის შესახებ ბათუმში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერიდან" შეიტყო. მას შემდეგ რაც ნოდარ გვიჩიანს მიუთითეს, რომ "კურიერი" ფაქტს ვერ გადმოსცემდა, რადგან გვამი 14 აგვისტოს აღმოაჩინეს, მან განაცხადა, რომ მკვლელობის შესახებ ბათუმში მყოფი ნიკა ჩემიასგან შეიტყო.
გელა ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ სატელეფონო ანძების მიხედვით, მკვლელობის წინა დღეს თბილისში მყოფი ნიკა ჩემია და ნიკა ლომინაძე სრულიად სხვადასხვა ადგილებში მოძრაობდნენ.
ამასთან, ნიკოლაიშვილის მტკიცებით, გია გვიჩიანის პოზიცია იყო, რომ უდანაშაულობა სასამართლოს მეშვეობით დაემტკიცებინა, რის გამოც, ადვოკატებს თხოვა თავი შეეკავებინათ მისი პოლიტპატიმრად ცნობის თაობაზე.