არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო სექტორს ხვდება

არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო სექტორს ხვდება

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. 

როგორც შეხვედრის დაწყებისას არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არასამთავრობო სექტორთან ეს უკვე მეორე შეხვედრაა. მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანია, არასამთავრობო სექტორმა საზოგადოების კრიტიკა და შეხედულებები გაუზაიროს პროკურატურას.

"დღეს მაქვს მათთან საუბარი იმ პრობლემებზე, რაც ჩვენი აზრით, საზოგადოებაში არის დაგროვილი. რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ეს იქნება საკადრო თემატიკა პროკურატურაში, თუ საკუთრების საკითხი", - აცხადებს კბილაშვილი.

შეხვედრის დაწყების წინ კომენტარი გააკეთა ასევე საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ. მან ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა წამოწევასაც შეხვედრის დროს აპირებს.

კოჟორიძის თქმით, საია-სთვის პრიორიტეტული საკითხებია ციხის კადრები, ციხის ბუნტი, 26 მაისი, 7 ნოემბერი და საკუთრების გაჩუქების საკითხები. იგი დადებითად აფასებს მსგავსი ტიპის შეხვედრებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარის, ეკა გაიგაურის განცხადებით, მათ აინტერესებთ, მიმდინარეობს თუ არა პატიმართა წამების საქმის დროული გამოძიება, ასევე მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიება და ქონების დაცვის საკითხები.

ასევე, კომენტარი გააკეთა ლია მუხაშავრიამაც. იგი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იძიებს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოძიების საკითხებზე საუბარი. მუხაშავრია აპირებს, დაინტერესდეს 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხითაც.