გურამ ოდიშარია:  რუსეთისთვის მიწერილი წერილების შესწავლა მოხდება

გურამ ოდიშარია: რუსეთისთვის მიწერილი წერილების შესწავლა მოხდება

საქართველოს კულტურის სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყოფილი მინისტრების რუსეთისთვის მიწერილი წერილების განსაჯაროებას კარგად შესწავლამდე არ აპირებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსულმა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განუცხადა. 

ოდიშარია გია ხუხაშვილის მიერ გასაჯაროებულ წერილს გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 3 თვის შემდეგ, მაშინდელმა კულტურის მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მთავრობას კულტურულ ურთიერთობებთან დაკავშირებით წერილი მისწერა.

როგორც გურამ ოდიშარია ამბობს, როგორ მოხვდა ეს წერილი გია ხუხაშვილის ხელში, მისთვის უცნობია. თუმცა, აღნიშნა, რომ ამაში დანაშაულებრივი არაფერია, რადგან ამ წერილს გრიფი "საიდუმლო" არ ედო.

"ის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა 2008 წლის ომიდან სამი თვის თავზე იწერება, სადაც საუბარია, რომ ძალიან უნდათ რუსეთთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. ალბათ, საპასუხო წერილებიც არის, თუმცა ზუსტად არ ვიცი. სამინისტროში დაახლოებით იგივე შინაარსის წერილები ნამდვილად არის, სადაც კულტურულ ურთიერთობებზეა საუბარი. თავად ის ფაქტია გასაოცარი, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს აკრიტიკებდნენ ჩვენს ანსამბლებს და ორკესტრებს რატომ ურთიერთობენ რუსეთთან, იმ პერიოდში თავად თხოვდნენ მათ რომ ეს ურთიერთობა გაფართოებულიყო", - განაცხადა ოდიშარიამ.

მისი თქმით, სანამ არ მოხდება ამ წერილების კარგად შესწავლა, სამინისტრო მათ გამოქვეყნებას არ აპირებს.