საია:   აჭარის შს სამმართველოს უფროსის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

საია: აჭარის შს სამმართველოს უფროსის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის აზრით, საია-ს თანამშრომლებისადმი აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერი თელიას ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც კოჟორიძემ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე დღეს მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საია თელიას ქმედების ირგვლივ გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

"ჩვენი შეფასება იქნება მკაცრი; არა იმიტომ, რომ ეს ჩვენს თანამშრომლებს შეემთხვათ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ქმედება მიუღებელია ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებაში და მით უმეტეს, რომ ამას აკეთებს მაღალი თანამდებობის პირი. როგორც ვიცი, ვალერი თელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარი სამმარველოს უფროსია. ასეთი მაღალი თანამდებობის პირი რომ ასე იქცევა, კატეგორიულად მიუღებელია. მის ქმდებაში, სავარაუდოდ, არის დანაშაულის ნიშნები. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოვითხოვთ ამ საქმის შესწავლას და აუცილებლად გავაკონტროლებთ, როგორ ეფექტურად მოიქცევა შსს მისი შესწვლის დროს. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გვაქვს შეხვედრა მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან და ამის შესახებ აუცილებლად მივაწვდი ინფორმაციას, ასევე აჭარაში ჩვენი ორგანიზაცია დღესვე გააკეთებს განცხადებას, რომელიც ინციდენტის კონკრეტულ დეტალებსა და გარემოებებზე ისაუბრებს", - აღნიშნა კოჟორიძემ.

მისივე განმარტებით, პოლიციელების მხრიდან მსგავს ქმედებებს წლების განმავლობაში აქვს ადგილი, თუმცა აქამდე მათზე რეაგირება არ ხდებოდა.

"წლების განმავლობაში პრობლემა იყო სწორედ ის, რომ პოლიციელები მსგავს ქმედებების ჩადიოდნენ, თუმცა მას არასდროს ჰქონდა ხოლმე ადეკვატური რეაქცია ხელისუფლების მხრიდან, რაც ქმნიდა დაუსჯელობის სინდრომის გამყარებას და აჩენდა განცდას, რომ კანონი მხოლოდ რიგითი მოქალაქეების მიმართ არის მკაცრი. იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ასე არ იქნება და ვალერი თელიას ამ უკანონო ქმედებას, რომელშიც, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იყოს, მოჰყვება შსს-სა და პროკურატურის მხრიდან დროული და ადეკვატური რეაგირება", - აღნიშნა კოჟორიძემ.

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის დღეს ინციდენტი მოხდა.

როგორც "ინტერპრესსნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.