დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანისთვის ICC GEORGIA-ს ბრალი წაუყენეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანისთვის ICC GEORGIA-ს ბრალი წაუყენეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანაშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით შპს "ICC GEORGIA"-ს ბრალი წაუყენეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ საფრანგეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოს გავლით, 300 კილოგრამი დამაძინებელი ყაყაჩოს PAPAVER SOMNIFERUM L თესლი შემოიტანა.

"მას თან ერთვოდა საფრანგეთის მიერ გაცემული ორიგინალი ფიტოსანიტარული სერთიფიკატი, სადაც მითითებული იყო აღნიშნული პროდუქციის სახეობა. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, მორფინს და კოდეინს", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მისი იმპორტის ნებართვა გასცეს, რის გამოც საბაჟო სამსახურის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც იურიდიული პირისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 100 000 ლარის ოდენობით, ასევე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას.