კახა კუკავა ნაძალადევში იყრის კენჭს

კახა კუკავა ნაძალადევში იყრის კენჭს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი ნაძალადევის რაიონში პარტიის ლიდერი კახა კუკავა იქნება. 

ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა. მისი თქმით, "თავისუფალი საქართველო" შუალედურ არჩევნებში კოჰაბიტაციურად წოდებული ფარსის დასრულებას შეეცდება.

"ნაციონალური მოძრაობა" როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა გასამართლდეს და მისი ადგილი პარლამენტში კონსტრუქციულმა ოპოზიციამ "თავისუფალმა საქართველომ" უნდა დაიკავოს", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს სამტრედიასა და ბაღდათში, კახა კუკავას განცხადებით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ორ ოლქში საკუთარი კანდიდატები არ წარადგინოს. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში "თავისუფალი საქართველო" გამოაქვეყნებს საარჩევნო პროგრამას. რაც შეეხება პარტიის საარჩევნო შტაბს, მას დიმიტრი ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს.

"ბოლო თვეების მანძილზე საქმით დადასტურდა, რომ მხოლოდ "თავისუფალ საქართველოს" სურს შეახსენოს და შეასრულებინოს "ქართულ ოცნებას" თითქმის მივიწყებული წინასაარჩევნო დაპირებები. პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენა", - აცხადებს კუკავა.

პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება.