შალვა შავგულიძე:  იუსტიციის საბჭოში ასარჩევ წევრებზე უმრავლესობამ უმცირესობას რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა

შალვა შავგულიძე: იუსტიციის საბჭოში ასარჩევ წევრებზე უმრავლესობამ უმცირესობას რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან ასარჩევ წევრებთან დაკავშირებით უმრავლესობამ უმცირესობას რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა , რომელიც საბჭოს ამ ნაწილის დამტკიცებაში ოპოზიციის მონაწილეობას უზრუნველყოფს. 

ამის თაობაზე "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადილემ, და იუსტიციის უმალესი საბჭოს მოქმედმა წევრმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, რომლის თქმითაც, "ჯერი ახლა თავად ოპოზიციაზეა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს".

დეპუტატი "ქართული ოცნების" მხრიდან "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეთავაზებული მოდელების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და ამ კონტექსტში მხოლოდ იმას აცხადებს, რომ, მათი წინადადების გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრის დამტკიცების პროცესზე ოპოზიცია ქმედით გავლენას მოახდეს. მისივე თქმით, უმრავლესობის შეთავაზება სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სულისკვეთებას.

მმართველი გუნდი და უმცირესობა პოზიციების შეჯერებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ექვსი წევრის არჩევის წესთან დაკავშირებით ცდილობენ, რომელიც პარლამენტის მიერ მტკიცდება. "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნაა, ამ პროცესში ოპოზიციას გავლენის შესაძლებლობა მიეცეს, რაც, მათივე თქმით, კვორუმის გაზრდის ან კვოტების განაწილების გზით შეიძლება.
საკითხზე კონსულტაციები დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, 13:00 საათისთვის განახლდება.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში 15 წევრიდან ექვსს პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. ეს წევრები კი, მეცნიერი იურისტებისაგან, იურიდიული პროფილის მქონე ორგანიზაციების ან ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან აირჩევიან. თითოეული ასეთი ორგანიზაცია, კანონპროექტის მიხედვით, უფლებამოსილი იქნება, პარლამენტს წარუდგინოს არაუმეტეს სამი რეკომენდაციისა. 

პროექტის თანახმად, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და წარმოადგენს სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისას საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, მის მორალურ რეპუტაციას და ეთიკურ სტანდარტებს.