საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში სწავლას პრეზიდენტი დააფინანსებს

საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში სწავლას პრეზიდენტი დააფინანსებს

უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეებს სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს პრეზიდენტი დაუფინანსებს ; პრეზიდენტი საჭირო თანხებს სარეზერვო ფონდიდან გაიღებს.

ამას "საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ" ბრძანებულება ითვალისწინებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა და "საკანონმდებლო მაცნეშიც" გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, დაფინანსების მიღება კონკურსის საფუძველზე მოხდება. კერძოდ, ასეთი მოქალაქეების შერჩევის მიზნით საკონკურსო კომისია შეიქმნება, რომლის შემადგენლობასაც პრეზიდენტი განსაზღვრავს. თავის მხრივ, კომისია კონკურსის გამოცხადებას, კონკურსის ჩატარების ვადებისა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრას უზრუნველყოფს. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების შერჩევის შესახებ და განსაზღვრავს მათი დაფინანსების ოდენობას.

პრეზიდენტის ბრძანებულების გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, რომლის ასაკიც 40 წელს არ აღემატება და რომელიც მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.
კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბრძანებულებით დადგენილი წესით შერჩეულ პირთა დაფინანსება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განხორციელდება. ასევე კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს შერჩეულ პირთა სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. ამ კონტექსტში კი იგულისხმება როგორც საკუთრი სწავლის საფასური, ასევე უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები - კერძოდ, მგზავრობასთან, კვებასთან და საცხოვრებელი ფართობის ქირავნობასთან დაკავშირებული ხარჯები.

პრეზიდენტის ბრძანებულებითვე, სწავლის საფასურის უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე გადარიცხვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული პირის სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურების მიზნით, შესაბამისი თანხა ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, შერჩეული პირის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება.

პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ შერჩეული პირი ვალდებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამისი სასწავლო წლის/წლების დასრულებისთანავე, წარმოადგინოს შესაბამის პერიოდში უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში კი ვალდებული ხდება, შესაბამისი ოდენობის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნოს.

ეს ბრძანებულება არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის ან სხვა სამთავრობო დაწესებულებების მიერ ანალოგიური პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.