დავით უსუფაშვილი - საზოგადოება ყოფილი ხელისუფლების არაერთი შოკისმომგვრელი მიმოწერის შესახებ გაიგებს

დავით უსუფაშვილი - საზოგადოება ყოფილი ხელისუფლების არაერთი შოკისმომგვრელი მიმოწერის შესახებ გაიგებს

უახლოეს მომავალში საზოგადოება ყოფილი ხელისუფლების სხვა არაერთი შოკისმომგვრელი მიმოწერის შესახებ გაიგებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთში გაგზავნილი წერილის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ფიქრობს, რომ დოკუმენტი საიდუმლოებას არ შეიცავს.

"არაფერი ვიცოდი არც ამ მიმოწერის შესახებ და არც სხვა ბევრ მიმოწერაზე, რომელთა შესახებ ალბათ, ნელ-ნელა გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ სხვა არაერთ შოკისმომგვრელ მიმოწერას ვნახავთ. ამ მიმოწერაში რა შეიძლება იყოს საიდუმლო, იარაღის მიწოდება-მოწოდებაზე იყო საუბარი თუ რამე სხვაზე?! კონცერტების თაობაზე მიმოწერა არც ერთ ქვეყანაშია საიდუმლო და რაღა ამ ქვეყანაში უნდა იყოს საიდუმლო, თუნდაც ამის შესახებ მინისტრი სადმე წერილს გზავნიდეს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ საქართველოს იმდროინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრ ალექსანდრე ავდეევს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას სთავაზობდა. გია ხუხაშვილმა წერილის ასლები ჟურნალისტებს გუშინდელ პრესკონფერენციაზე დაურიგა.

წერილის გასაჯაროებას კანონდარღვევა უწოდა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, ამ წერილს წინ უძღოდა მოსკოვიდან პირადად მასთან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ხანგრძლივი პროცესი.

"ეს წერილი უზარმაზარი აისბერგის წვერია. ამას წინ უძღოდა რამდენიმე ემისრის თბილისში ჩამოსვლა და მოსკოვიდან ჩემთან გამოგზავნილი მესიჯები. ამ თემაზე საუბრის უფლებას ჩემს თავს არც ახლა და არც 20 წლის შემდეგ არ მივცემ, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. კულტურის სამინისტროდან რომელმა კლინიკურმა იდიოტმა გადასცა ეს დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციას. რამდენადაც ვიცი, ამხანაგი ხუხაშვილი არც ერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არ მუშაობს. ეს კი არის სახელმწიფო მოხელის მიმოწერა, კონფიდენციალური დოკუმენტი და რა უფლებით გადასცეს, ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.