ირაკლი ღარიბაშვილის ევროპის საბჭოში ვიზიტი დასრულდა

ირაკლი ღარიბაშვილის ევროპის საბჭოში ვიზიტი დასრულდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ევროპის საბჭოში დასრულდა. სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიჩეკ სავიცკის შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოიჩეკ სავიცკიმ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, რეფორმებისა და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ ისაუბრეს. 

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს სამინისტროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი დრაგონის და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვის გენერალურ დირექტორ ფილიპ ბოილატს შეხვდა.

შეხვედრებზე ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების, კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კონვენციას; კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის დამატებით ოქმს; სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ევროპული კონვენციის მეორე დამატებით ოქმს.