დავით უსუფაშვილი:  თურქეთთან თანამშრომლობის კუთხით სწორ გზაზე ვართ და მხოლოდ ტემპების გაზრდაა საჭირო

დავით უსუფაშვილი: თურქეთთან თანამშრომლობის კუთხით სწორ გზაზე ვართ და მხოლოდ ტემპების გაზრდაა საჭირო

თურქეთთან თანამშრომლობის კუთხით სწორ გზაზე ვართ და მხოლოდ ტემპების გაზრდაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

უსუფაშვილის თქმით, დღეს ის პირველად შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ერთნაირად ფიქრობენ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, თანამშრომლობასა და მომავალზე. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ბევრ ასპექტს.

"შევთანხმდით, რომ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო, პოლიტიკური თანამშრომლობა, ჩვენ ვართ სწორ გზაზე და მხოლოდ ტემპების გაზრდაა საჭირო. ასევე, საჭიროა მოცულობის გაზრდა ინვესტიციებში, ეკონომიკაში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, დელეგაციაში არიან თურქეთის პარლამენტის წევრები, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, ასევე ქართული ფესვების მქონე პარლამენტარები, რომელთა თაობაზეც, უსუფაშვილის განცხადებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი ქართულად უკეთესად საუბრობენ, ვიდრე ინგლისურად.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალში გვექნება კიდევ უკეთესი ურთიერთობები და საქართველოში ხელისუფლების შეცვლა არანაირ ნეგატიურ გავლენას არ ახდენს, პირიქით, ახალი მთავრობა ახალი ენთუზიაზმით შეუდგება ჩვენს სტრატეგიულ ქვეყანასთან თანამშრომლობას. შევთანხმდით იმაზეც, რომ საქართველო დიდად აფასებს თურქეთის პოლიტიკას ტერიტორიული მთლიანობის ურყევობასთან დაკავშირებით და ამ ქვეყნის მცდელობას, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ნატოს წევრი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ამჯერად მან შეხვედრები თბილისში გამართა, თუმცა იმედი აქვს, რომ მალე ქუთაისშიც შედგება ასეთი შეხვედრები. "კმაყოფილებით აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ყველა პარტია როგორც საქართველოში, ისე თურქეთის პარლამენტში, არის ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მომხრე და მიესალმება ამ ურთიერთობების განვითარებასა და სრულყოფას", - აღნიშნა დავითოღლუმ.

მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს და ყველა შეხვედრაზე სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს. მანვე აღნიშნა, რომ დღეს ასევე გამართავს შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქთან, ილია მეორესთან, ხოლო ხვალ ბათუმში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა.