ალექსანდრე რუსეცკი არ გამორიცხავს, რომ ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებად ვიხილოთ

ალექსანდრე რუსეცკი არ გამორიცხავს, რომ ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებად ვიხილოთ

სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი არ გამორიცხავს, რომ "დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე" ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებად ვიხილოთ.

ამის შესახებ რუსეცკიმ "პირWელს" ზურაბიშვილისა და ბურჯანაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

"თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური აქტივობა, რომელიც ეხება მომავალ არჩევნებს, აქტივიზაციის ფაზაშია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს პროცესი არ წარიმართება მხოლოდ და მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის, მე ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას". ეს ადამიანები და პოლიტიკური ორგანიზაციები, ვინც არასაპარლამენტო ოპოზიციაში დარჩნენ, მათი როლი და პოზიციები უნდა იყოს გამოკვეთილი და შესაბამისად პოლიტიკური სპექტრი უნდა გამდიდრდეს ახალი პოლიტიკური ინიციატივებით და რესურსებით. მე მოვუსმინე ნინო ბურჯანაძის ინტერვიუს. იქ ძალიან საინტერესო თემა იყო, რომ საერთოდ ლეგიტიმაციის დონე დღევანდელი პარლამენტის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მდგრადი პოლიტიკური განვითარების პერსპექტივები ჰქონდეს საქართველოს. გასაგებია, რომ ჩვენ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებით მივაღწიეთ იმას, რომ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, როდესაც პოლიტიკურ ორგანიზაციას რეალობაში აქვს 10-20% ხმების და პარლამენტში ფლობს ორჯერ უფრო მეტს და სატელევიზიო სივრცეში ფლობს 50%-ს, ბუნებრივია, ეს არ შეიძლება, ნორმალურად ჩავთვალოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა პოლიტიკური ძალები რეალურად პოლიტიკური დისკრიმინაცია ხდება და პოლიტიკურ პროცესებში ვერ მონაწილეობენ, ეს ძალიან სერიოზულად აკნინებს პოლიტიკურ სისტემას და გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის დონე პოლიტიკური სისტემის, როგორიც არის პარლამენტი, იწვევს ეჭვს. ლეგიტიმაციის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე 1 ოქტომბრამდე იყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ ქვეყნის პოლიტიკური განვითარება მოხდეს მდგრადი კანონზომიერებით. რეალურად რაც უფრო მეტი განსხვავებული პოლიტიკური აზრის და განსხვავებული პოლიტიკური ძალის შესვლა მოხდება ხელისუფლებაში, მით უფრო ნაკლები იქნება პრობლემები პოლიტიკურ ასპარეზზე", - განაცხადა რუსეცკიმ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის და ნინო ბურჯანაძის ინტეგრაცია კოალიცია "ქართულ ოცნებაში" პრემიერ-მინისტრის ინტერესებში არ შედის.

"შესაძლებელია, რომ პრემიერ-მინისტრმა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებთან და სხვადასხვა პიროვნებებთან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არც პრემიერ-მინისტრის და არც მმართველი გუნდის ინტერესებში დღეს ეს არ არის. საქართველოს ინტერესებში არის ის, რომ რეალურად არსებობდეს პოლიტიკური ძალების გარკვეული კონგლომერატი, რომელიც შეძლებს რეალურად შექმნას ახალი ტიპის პოლიტიკური შესაძლებლობები. ნინო ბურჯანაძის ან სალომე ზურაბიშვილის ფენომენი მე როგორც მოქალაქეს და როგორც ექსპერტს უფრო მაინტერესებს არა ივანიშვილთან ალიანსში, არამედ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შემოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე. გასაგებია, რომ დღეს მთელი მსოფლიო და ქვეყნის შიგნითაც მოიაზრებენ "ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციად, არ არის ლოგიკური, რადგან აღნიშნულმა პარტიამ მოახდინა მონოპოლიზება პოლიტიკური სპექტრის. ოპოზიციად მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა ჩანდეს. უნდა არსებობდეს საპარლამენტო ოპოზიცია და არასაპარლამენტო ოპოზიცია. მე სალომე ზურაბიშვილს და ნინო ბურჯანაძეს მოვიაზრებ, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციას, ეს არის დღეს რეალობა. სხვა არის როგორი დამოკიდებულებები ექნებათ მათ პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ სპექტრთან", - აღნიშნა ექსპერტმა.

რუსეცკის შეფასებით, არარეალური არ არის, რომ ზურაბიშვილი და ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევენებში კანდიდატებად ვიხილოთ.

"მე ვფიქრობ, ბურჯანაძის ან მისი პარტიის, ინტეგრაციას კოალიციაში არავითარი პერსპექტივა არ აქვს. რაც შეეხება ზურაბიშვილს, ალბათობა იმისა, რომ ასეთი ტიპის მოლაპარაკება შედგეს არსებობს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ორგანიზაციების სპექტრი დაიხვეწოს. საზოგადოებას აინტერესებს შედეგები და არა მხოლოდ ლაპარაკი. თუ ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი დაანახებს საზოგადოებას, რომ მისი ქმედებები ორიენტირებულია მხოლოდ შედეგებზე, ბუნებრივია, დადებითი შეფასება და პოლიტიკური დივიდენდები მათ ექნებათ. ეჭვი მეპარება, რომ ისეთ გამოცდილ პოლიტიკოსებს, როგორიც არიან ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი, ამ კონტექსტში ჰქონდეთ პრობლემები. მათი მისია იმაში მდგომარეობს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური სიტყვა თქვან", - აღნიშნა რუსეცკიმ.