სარფში მეთევზის ბადეს გარდაცვლილი ადამიანის გვამი ამოჰყვა

სარფში მეთევზის ბადეს გარდაცვლილი ადამიანის გვამი ამოჰყვა

სარფში ლაზი მეთევზის ბადეს თევზაობისას გარდაცვლილი ადამიანის გვამი ამოჰყვა. როგორც "ინტერპრესნუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ამ წუთებში მყვინთავები გარდაცვლილი ადამიანის ნაპირზე გამოყვანის ოპერაციას აწარმოებენ. თურმანიძის თქმით, ადგილზე ექსპერტიზის ბიუროს და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც დაადგენენ გარდაცვლილი არის თუ არა 23 მარტს თევზაობისას ზღვაში დაკარგული დავით გელაძე.

"18:30 წუთზე ლაზი მეთევზის ბადეში, რომელიც თევზაობდა, მოყვა ადამიანის სხეული. მყვინთავები შესულები არიან ზღვაში, ბადისგან გაათავისუფლებენ გარდაცვლილის სხეულს და ნაპირზე რომ გამოიყვანენ, გაირკვევა, არის თუ არა ის დაკარგული მეთევზე. ზუსტად იმ ტერიტორიის პირდაპირ იპოვეს გვამი, სადაც მეთევზე ზღვამ გაიტაცა", - აღნიშა მამუკა თურმანიძემ.

55 წლის დავით გელაძე 23 მარტს სარფში თევზაობისას ძლიერმა ტალღამ ზღვაში გადააგდო. მისმა თანმხლებმა ორმა პირმა დაადასტურა, რომ თევზაობის დროს ისინი კლდეზე ისხდნენ, საიდანაც მეთევზე ღელვამ გაიტაცა, მას შემდეგ ერთხელ დაინახეს წყლის ზედაპირზე, შემდეგ კი აღარ უნახავთ.