გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი მიწერილ წერილზე კომენტარი გააკეთა

გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი მიწერილ წერილზე კომენტარი გააკეთა

გრიგოლ ვაშაძეს აინტერესებს, როგორ ჩაუვარდა ხელში გია ხუხაშვილს მისი კულტურის მინისტრობის დროს მოსკოვში გაგზავნილი წერილი. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ამ წერილს წინ უძღოდა მოსკოვიდან პირადად მასთან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ხანგრძლივი პროცესი. 

"ეს წერილი უზარმაზარი აისბერგის წვერია. ამას წინ უძღოდა რამდენიმე ემისრის თბილისში ჩამოსვლა და მოსკოვიდან ჩემთან გამოგზავნილი მესიჯები. ამ თემაზე საუბრის უფლებას ჩემს თავს არც ახლა და არც 20 წლის შემდეგ არ მივცემ, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. კულტურის სამინისტროდან რომელმა კლინიკურმა იდიოტმა გადასცა ეს დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციას. რამდენადაც ვიცი, ამხანაგი ხუხაშვილი არც ერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არ მუშაობს. ეს კი არის სახელმწიფო მოხელის მიმოწერა, კონფიდენციალური დოკუმენტი და რა უფლებით გადასცეს, ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება", - აღნიშნა ვაშაძემ "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ექსპერტ გია ხუხაშვილის ინფორმაციით, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრს, ალექსანდრ ავდეევს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას სთავაზობდა.

როგორც ხუხაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანსამბლ "ერისიონის" რუსეთში ვიზიტს რამდენიმე კვირის წინ დიდი ხმაური მოჰყვა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ფარისევლობაზე მიუთითებს. ხუხაშვილის თქმით, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ კულტურის მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ყოვლად ამაზრზენი რიტორიკის შემცველი მონური მორჩილებით რუსეთის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა, სადაც აღფრთოვანებასა და მადლობას გამოხატავდა მისი კულტურის მინისტრად დანიშვნის თაობაზე რუსეთის კულტურის სამინისტროს მილოცვის გამო.

"გრიგოლ ვაშაძე ლამის მუხლებს უკოცნის რუსეთის კულტურის მინისტრს და შენი მუხლების ჭირიმეო, ამ ტონით ელაპარაკება. გარდა ამისა, იქვე სთავაზობს და შეიძლება ითქვას ეხვეწება კონცერტების ჩატარებას რუსეთში, მათ შორის "ერისიონის" მონაწილეობით. ეს ხდება მაშინ, როცა ქართველი მეომრების გვამები ჯერაც გაციებული არ იყო", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
ამასთან, ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული წერილი ოფიციალურია და იგი კულტურის სამინისტროაშია რეგისტრირებული. გია ხუხაშვილმა წერილის ასლები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე დაურიგა. გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი რუსულენოვანია და იგი 2008 წლის 27 ნოემბრით არის დათარიღებული.