ფინანსთა სამინისტრო სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას აგრძელებს

ფინანსთა სამინისტრო სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას აგრძელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას აგრძელებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ რაიონის გამგეობას სახლების გადახურვისთვის საჭირო ხე-ტყის მასალა უსასყიდლოდ გადასცა.

დაზიანებული სახლების გადახურვისთვის საჭირო ხის მასალის დატვირთვას მომსახურების სააგენტოს მუხიანის ბაზიდან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პირადად დაესწრო.

,,ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აქვს 3 საწყობი, სადაც განთავსებულია საშენი მასალა. შესაბამისად, არ მოგვიწევს ხე-ტყის მასალის შეძენა და ფინანსთა სამინისტრო თავისი რესურსებით უზრუნველყოფს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას. გადავარჩიეთ საკმაოდ ხარისხიანი ხის მასალა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სახლების გადახურვა მოხდეს კაპიტალურად, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები. 50-60 კუბური მეტრი მასალა მოხმარდება მცხეთის რაიონს, 60 კუბური მეტრი ხის მასალა უკვე გადაეცა ოზურგეთის რაიონს. ასე რომ, ვფიქრობთ, ამ ორი რაიონის მიმართულებით დაგვჭირდება მხოლოდ ლითონის კონსტრუქციების შეძენა," – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.