ბიძინა ივანიშვილსა და კოტე კუბლაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბიძინა ივანიშვილსა და კოტე კუბლაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან ასარჩევ ექვსი წევრის საკითხზე უმრავლესობა საკუთარ პოზიციაზე რჩება. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გუშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თვმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აცნობა, რომელმაც იუსტიციის სახლში მიმდინარე კონსულტაცია ცოტა ხნის წინ დატოვა. 

”გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, კერძოდ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება მოსამართლეთა კონფერენციას, საბჭოს მოსამართლე წევრების უფლებამოსილების საკითხს, ძალაში რჩება. ეს შეთანხმება ასახულია მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში. რაც შეეხება პარლამენტის მიერ ასარჩევ ექვს წევრს, კონსულტაციები სწორედ ამ თემაზე მიმდინარებს, რადგან ეს მთლიანად საპარლამენტო თემატიკაა. ამ ნაწილში ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ის ვარიანტი, რომელიც წარმოდგენილია უმრავლესობის მხრიდან, სრულიად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. უმცირესობას ჩვენი წინადადებები ავუხსენით და ახლა მათი გადასაწყვეტია დაგვთანხმდებიან ამ თემაზე და კონკრეტული ვერსიის დახვეწას ერთად გავაგრძელებთ, თუ ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს უმრავლესობა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით მმართველი გუნდი არ აპირებს, სააკაშვილის სასამართლო გადააქციოს "ქართული ოცნების" სასამართლოდ.
დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს სრულად ასახავს.