იუსტიციის სახლში უმრავლესობისა და უმცირესობის კონსულტაციები დაიწყო

იუსტიციის სახლში უმრავლესობისა და უმცირესობის კონსულტაციები დაიწყო

"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით იუსტიციის სახლში უმრავლესობისა და უმცირესობის კონსულტაციები ამ წუთებში დაიწყო. 

სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელი შეხვედრის შედეგად გაირკვევა იქნება თუ არა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მართველ გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კონსენსუსის საგანი. უმრავლესობის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დეპუტატები ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე და ზვიად ძიძიგური. უმცირესების მხრიდან კი მას მხოლოდ პავლე კუბლაშვილია მისული.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განუახადა, ის დრო, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესების პოზიციას მხოლოდ იმის გამო არ ითვალისწინებდა, რომ უმცირესობას წარმოადგენდნენ, წარსულს ჩაბარდა. მისი თქმით "ქართულ ოცნებას" და მის ლიდერს ასეთი განწყობა და დამოკიდებულება ოპოზიციის მისამართით არ გააჩნია.
ზვიად ძიძიგურმა აქცენტი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ექვსი წევრის არჩევის საკითხზე, რომელსაც პარლამენტი ირჩევს და აღნიშნა, რომ პარლამეტის რეგლამენტით დადგინდება, თუ როგორი წესით მიიღებს პარლამეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ამ წესზე, მხარეები პოზიციის შეჯერებას დღევანდელ შეხვედრაზე შეეცდებიან.

პარლამენტის მხრიდან ასარჩევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წარმომადგენელზე გაამახვილა ყურადღება პავლე კუბლაშვილმაც, რომელიც კვლავ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე აპელირებს.
კუბლაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ იუსტიციის საბჭოში ექვსი წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს პარლამენტი აირჩეს ან მაღალი ქვორუმით, ან დადგინდეს ქვოტები, რათა აღნიშნულ დანიშვნაში უმცირესობასაც მიეცეს მონაწილეობის შესაძლებლობა. მისივე თქმით, ასევე არსებობს კითხვის ნიშნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

"დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებებით არ მოვსულვართ. მე მინდა მოვისმინო, თუ რა მოსაზრებები და შეთავაზებები აქვთ მმართველ უმრავლესობას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით", - განუცხადა ჟურნალისტებს პავლე კუბლაშვილმა.

"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს მიღებული.