დათა ახალაიას პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო

დათა ახალაიას პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო

დათა ახალაიას წინასასამართლო სხდომა, რომელიც ხვალისთვის იყო ჩანიშნული, კიდევ ერთხელ, 10 მაისისთვის გადაიდო. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა განუცხადა, საგამოძიებო ვადის გაზრდის მიზნით, პროცესის კიდევ გადადება ნიშნავს, რომ გამოძიება ჩიხშია შესული.
"გამოძიება ჩიხშია. საგამოძიებო ვადის გაზრდა ნიშნავს, რომ ხორციელდება მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება დათა ახალაიას პოზიციას, ადვოკატის თქმით, "თუ კი ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა შეწყდება, ის საქართველოში დაბრუნდება".

"თუ იქნება ის მოცემულობა, რომ მის მიმართ არ ექნება პოლიტიკურ დევნას ადგილი, ის სამშობლოში დაბრუნდება. ახლა კი მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება", - აღნიშნა ადვოკატმა.

დათა ახალაია და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნები უფლებამოსილების გადამეტებაში, კერძოდ პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებული. დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი, თუმცა, ადვოკატის ცნობით, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

როგორც ცნობილია, დათა ახალაია საზღვარგარეთ იმყოფება, თუმცა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.