დავით ნარმანია:  უხარისხოდ გადახურული სახლების გამო შესაძლოა, 3 კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

დავით ნარმანია: უხარისხოდ გადახურული სახლების გამო შესაძლოა, 3 კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

გორში უხარისხოდ გადახურული მაღასართულიანი სახლების გამო, შესაძლოა, სამი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეჭვს აჩენს ის, რომ მრავალსართულიანი სახლების უმეტესობა, რომელსაც ქარმა გადახადა სახურავი, 2012 წელს არის გადახურული სამი კომპანიის მიერ. ხელწერა ერთი და იგივეა - წინაასარჩევნოდ ჩქარა და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოსთან გვაქვს საქმე. ექსპერტიზის დასკვნა როცა იქნება ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, დადგეს იმ კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც შეასრულეს ეს სამუშაო,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ სტიქიის შედეგების მიუხედავად, აჭარაში ტურისტული სეზონის ჩავარდნის საფრთხე არ არსებობს. ნარმანიას თქმით, აჭარაში გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია და სადაც გადაუდებელი ნაპირდაცვა არის საჭირო სამუშაოები უახლოესი თვეების განმავლობაში განხორციელდება.

"აჭარაში გადაუდებელი სამუშაოები აჭარის მთავრობის მიერ უკვე დაწყებულია. ასევე, იქ სადაც, ნაპირსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი, აპრილ-მაისში განხორციელდება. უფრო ინტენსიური საუშაოები ნაპირდაცვასთან დაკავშირებით 2014 წლიდან განხორციელდება. ამდენად, ტურისტულ სეზონამდე თავისუფლად მოსწრებადია ძირითადი სამუშაოების გატარება. ეს ეხება სანაპიროს ზედმეტი ქანებისგან გაწმენდას და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის აღდგენას. ამიტომ ზაფხულის ტურისტულ სეზონს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება", - აღნიშნა ნარმანიამ.

მინისტრის ინფორმაციით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს და 5 მლნ. ლარს გადააჭარბოს.

"სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებს დაემატა ორი ადგილობრივი თვითმმართველობა, სადაც საკუთარი რესურსებით გაუჭირდებათ გამკლავება სტიქიის შედეგებთან, ეს არის დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები", -განაცხადა ნარმანიამ.