ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს ოფიციალურად წარადგინა. 

ნაძალადევის რაიონში კოალიციის სახელით კენჭს იყრის თამარ კორძაია, ბაღდათში - პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში - გიორგი კახიანი.

როგორც ივანიშვილმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, სამივე მათგანი საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნულ ოლქებში გამარჯვებულების ღირსეული შემცვლელები არიან.
"თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატი გახლავთ თამარ კორძაია – აქვს არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიციური და სამართლიანი ადამიანის რეპუტაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის. თამარი არის ისეთივე პრინციპული და სამართლიანი, როგორც ამ ოლქში გამარჯვებული თეა წულუკიანი. ასე რომ, ღირსეული ცვლა მოვუძებნეთ მას.

ბაღდათში კენჭს იყრის პაატა კიკნაველიძე – მას წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, აქვს დიდი გამოცდილება როგორც ადვოკატს. ბაღდათელია და იქაური პრობლემები კარგად იცის. მინდა ვთქვა, რომ ბაღდათელებსაც ღირსეული შემცვლელი მოვუძებნეთ არჩილ კბილაშვილის შემდეგ. ვფიქრობ, ბატონი პაატაც საიმედო წევრი იქნება ჩვენი გუნდის. რაც შეეხება სამტრედიის ოლქს, ჩვენი კანდიდატი იქნება გიორგი კახიანი – ისიც იურისტია და იურისტებზე არ ვჩერდებდით შემთხვევიით. უსაფაშვილი ძალიან განიცდის, რომ პარლამენტში სჭირდება კვალიფიციური კადრები. კახიანი გახლავთ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, აქვს უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. ბოლო წლებში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას, იქამდე კი იყო სპორტსმენი – რაგბისტი. მოკლედ, სამტრედიელებსაც მაგრად გაუმართლათ, მაგარი ფეხბურთელი რაგბისტით ჩავანაცვლეთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, მისი განმარტებით, სამივე კანდიდატს კოალიცია "საკმაო დროის" განმავლობაში არჩევდა.

"ჩვენ გავაკეთეთ უფრო სწორი და დახვეწილი არჩევანი, ვინაიდან ისინი პროფესიონალი იურისტები არიან", - განმარტა ივანიშვილმა.

შუალედური არჩვენები 27 აპრილს გაიმართება.