ნინო ბურჯანაძე:   სამართლიანობის აღდგენა იმდენად ნელი ტემპით მიდის, რომ ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველიც არის

ნინო ბურჯანაძე: სამართლიანობის აღდგენა იმდენად ნელი ტემპით მიდის, რომ ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველიც არის

სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" ინტერვიუს დროს განაცხადა. 

მისი თქმით, ეს პროცესი იმდენად ნელი ტემპით მიდის, რომ ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველიც არის. ბურჯანაძის განცხადებით, ეს განსაკუთრებით რაიონებში შეინიშნება, სადაც, მისი თქმით, ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობა" ინარჩუნებს გავლენას.

"სამართლიანობის აღდგენა უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში აღარ მუშაობდნენ ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდნენ", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, უნდა იქნას გამოძიებული უკლებლივ ყველა საქმე, რომელზეც პროკურატურაში სარჩელია შესული. "რამდენი საქმეც არის შესული პროკურატურაში, იმედი საქმე უნდა იყოს გამოძიებული. არავის აქვს უფლება, სელექცია გააკეთოს რომელიმე საქმის", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ თუ ასე მოხდა, ეს იქნება შერჩევითი სამართალი.

ამასთან, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამნისტიის აქტი, რის შედეგადაც "აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ციხიდან გამოვიდნენ".