თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე, პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა, ზურაბ ჯავახიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი გულგრილობა, დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმე ეხება ალექსანდრე ბახუტოვის ბრალდებას. 2007 წლის 24 აგვისტოს ალექსანდრე ბახუტოვი დამნაშავედ იქნა ცნობილი ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ცოცხალი იყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში აღნიშნულ საკითხზე გამოძიება 2012 წლის 26 დეკემბრიდან მიმდინარეობდა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 27 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ალექსანდრე ბახუტოვის მიერ ლაშა ჩოფიკაშვილისათვის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. ხსენებულ საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელი იყო კახეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი, ზურაბ ჯავახიშვილი.

მითითებულ საქმეზე იმ პერიოდში ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იყო, რომ 2007 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ალექსანდრე ბახუტოვმა თელავის რაიონის სოფელ ფშაველში არსებულ მეცხოველეობის ფერმაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა ლაშა ჩოფიკაშვილი. გამოძიებამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ალექსანდრე ბახუტოვმა ნაცნობების: ვეფხო ხაჩოშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ასლან გაუარაშვილის დახმარებით ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი მდინარე სტორში გადააგდო, გვამი წყალმა წაიღო და ნაპოვნი ვერ იქნა.

2007 წლის 26 ივნისს, ალექსანდრე ბახუტოვი დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მეორე დღეს - 27 ივნისს, ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხო ხაჩოშვილი დააკავეს განზრახ მკვლელობის დაფარვის ბრალდებით. 2007 წლის 24 აგვისტოს, პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ალექსანდრე ბახუტოვთან დაიდო საპროცესო გარიგება, რაც დაამტკიცა თელავის რაიონულმა სასმართლომ. სასამართლოს განაჩენით მას განზრახ მკვლელობისათვის მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2007 წლის 29 აგვისტოს, პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის მიერ, ასლან გაუარაშვილის, ალექსი ცოციაშვილის და ვეფხო ხაჩოშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის დაფარვისათვის, არსებითად განსახილველად გადაეცა თელავის რაიონულ სასამართლოს.

2007 წლის 1-ელ ოქტომბერს, გამოძიების მიერ მოკლულად გამოცხადებული ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი აღმოჩნდა. მიუხედავად ლაშა ჩოფიკაშვილის გამოჩენისა, 2007 წლის 22 ნოემბერს, ზურაბ ჯავახიშვილმა საპროცესო შეთანხმებები გაუფორმა ასლან გაუარაშვილს, ალექსი ცოციაშვილს და ვეფხო ხაჩოშვილს, რომლებიც იმავე დღეს თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით განზრახ მკვლელობის დაფარვის გამო დამნაშავეებად იქნენ ცნობილნი და შეეფარდათ პირობითი მსჯავრი.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა, დასახელებული მსჯავრდებულების ბრალდების საქმეებზე ვერ უზრუნველყო თავისი სამსახურებრივიმოვალეობის -საპროცესო ხელმძღვანელობის ჯეროვნად განხორციელება საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. გამოძიებით დადგენილია, რომ ზურაბ ჯავახიშვილმა არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ არ დაადგინა ლაშა ჩოფიკაშვილის სიკვდილის უტყუარი ფაქტი, არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი გარემოებები. კერძოდ, გამოძიების ვერსიით, გვამი მდინარეში 2007 წლის 16 ივნისს გადააგდეს, ხოლო ალექსანდრე ბახუტოვს ბრალი განზრახ მკვლელობისათვის წარედგენა 2007 წლის 28 ივნისს, 12 დღის შემდეგ. ასევე, საპროცესო შეთანხმება ალექსანდრე ბახუტოვთან 2007 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა, ანუ გვამის მდინარეში გადაგდებიდან 2 თვისა და 8 დღის შემდეგ.
ამ დროის განმავლობაში გვამის გაუჩინარება ისეთ მცირეწყლიან მდინარეში, როგორიც სტორია, იყო სრულიად დაუჯერებელი და გამორიცხავდა გვამის მდინარეში გადაგდების ფაქტს.
ამდენად, როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ზურაბ ჯავახიშვილის მიერ ალექსანდრე ბახუტოვისა და სხვა სამი პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა სცილდებოდა ყოველგვარ საღ აზრს, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იყო უკიდურესად წინააღმდეგობრივი და სრულიად ალოგიკური ზემოხსენებული პირებისათვის ესოდენ მძიმე ბრალდებების წასაყენებლად.

"უფრო მეტიც, 2007 წლის 22 ნოემბერს, პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა ბრალდებულებთან - ასლან გაუარაშვილთან, ალექსი ცოციაშვილთან და ვეფხო ხაჩოშვილთან - ისე გააფორმა საპროცესო შეთანხმებები, რომ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ ამ დროისათვის გარდაცვლილად შერაცხული ლაშა ჩოფიკაშვილი უკვე ცოცხლად იყო გამოჩენილი. ასეთ ვითარებაში, საპროცესო შეთანხმების დადება ბრალდებულებთან იმის შესახებ, რომ მათ დაფარეს განზრახ მკვლელობა, პროკურორის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ შეუსრულებლობას წარმოადგენს.

პროკურორ ზურაბ ჯავახიშვილის მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების დაუდევარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია დასახელებული პირების უკანონო მსჯავრდება არჩადენილი დანაშაულისათვის, რითაც არსებითად დარღვეული იქნა მათი კანონიერი უფლებები. ასევე არსებითად იქნა დარღვეული სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და შელახული იქნა პროკურატურის, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოს პრესტიჟი",-აცხადებენ პროკურატურაში.