აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიენიჭა

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიენიჭა

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიენიჭა, - აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართული სხდომის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა მიიღეს. 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეისწავლეს რიგი ხარვეზები, რომელიც გახდა 12 მარტის გადაწყვეტილების საფუძველი, როდესაც უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. დღეის მონაცემებით კი, რიგი საკითხებიდან საბჭომ მიიჩნია, რომ უმრავლესობა უკვე გამოსწორებულია.

ამასთან, საბჭოს წევრებს შედარებით კრიტიკული მიდგომა ჰქონდათ უნივერსიტეტში აკადემიური კონკურსების გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, საბჭოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ ამ მხრივაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გააჩნია მზაობა, რათა ხარვეზები აღმოიფხვრას და პროფესორ-მასწავლებლების დანიშვნის კონკურსები გახდეს უფრო გამჭვირვალე. მათივე თქმით, საკუთარი რისკის საფუძველზე ნდობას უცხადებენ აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით და პარალელურად იტოვებენ უფლებას, რომ ამ პროცესის მონიტორინგი განახორციელონ მომავალში.

დღევანდელ სხდომაში მონაწილეობდნენ უშუალოდ აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც. მათი სურვილი იყო, რომ ავტორიზაციის ხელახლა ძალაში შესვლას არ მოყოლოდა პროცესის წყვეტა და ამას არ გამოეწვია აკრედიტებული სასწავლო პროგრამების გაუქმება და შემდგომ აკრედიტაციის ხელახლა გავლის აუცილებლობა არ დამდგარიყო. აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს დაპირება ავტორიზაციის საბჭოსგან, რომ პროცესი იქნება უწყვეტი და ახალი გადაწყვეტილება ავტორიზაციის მინიჭების შესახებ ძალაში შევა იმ დღესვე, როდესაც გაუქმდება 12 მარტის გადაწყვეტილება, ავტორიზაციის შეჩერების შესახებ.