კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ანდრეა ბრუნოს ბეთლემის ისტორიული უბანი გააცნო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ანდრეა ბრუნოს ბეთლემის ისტორიული უბანი გააცნო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ბოჭოიძემ მისი ხელმძღვანელობით აღდგენილი და გადარჩენილი ბეთლემის ისტორიული უბანი დღეს იტალიელ არქიტექტორ ანდრეა ბრუნოს თავად გააცნო. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ანდრეა ბრუნომ ფეხით მოიარა ბეთლემის ქუჩა კიბე, დაათვალიერა კონსერვირებული ათეშგა-ცეცხლის ტაძარი და ხელით შეეხო აღდგენილ სიძველეებს.

იკომოს-საქართველოს ეროვნული კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ნატო ცინცაბაძემ ღონისძიების ფარგლებში, ანდრეა ბრუნოს ორგანიზაციის ოფისში უმასპინძლა.
ანდრეა ბრუნო იკომოს-საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების გარდა, გაეცნო ძეგლთა დაცვის სფეროში სამუშაოს წარმოების იმ პრინციპებს, რომლითაც იკომოს-საქართველო ხელმძღვანელობს.

ანდრეა ბრუნომ თავად დაათვალიერა ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმა, რომელიც 2004 წელს საქართველო - იკომოსმა იუნესკოს-ს კულტურული მემკვიდრეობის დივიზიის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მოამზადა. დოკუმენტაცია შექმნილია ეკონომიკურ და სოციალურ კვლევებზე დაყრდნობით და ასახულია ძეგლზე ჩარევის მეთოდოლოგიური პრინციპები, რომელიც საფუძვლად უდევს განახლებულ კლდისუბანს.

"ეს არის დიდი საგანძური თბილისისთვის. მსგავსი პროექტის განხორციელება ბევრად რთულია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ძეგლის აღდგენა ან კონსერვაცია. ისტორიული უბნის გადარჩენა ბევრად მეტი კომპონენტის გათვალისწინებას გულისხმობს, მით უმეტეს თუ სიძველეები ყველა პრინციპის დაცვითაა აღდგენილი როგორ აქ. ასეთი მასშტაბის სამუშაო მხოლოდ პროფესიულ ელიტას შეუძლია დააფასოს და კარგად ჩანს როგორ უვლით და ავითარებთ თბილისის ამ მნიშვნელოვან ადგილს", - აღნიშნა ანდრეა ბრუნომ.

მერაბ ბოჭოიძემ ანდრე ბრუნოს გააცნო ის სირთულეები, რომელიც ბეთლემის ქუჩის განახლების პერიოდში საქართველოს-იკომოსის ეროვნულ კომიტეტს წილად ხვდა და აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის როლი და მნიშნელობა, რომლის შედეგად, დღეს ბეთლემის ისტორიული უბანი განახლებული და განვითარების ახალ ეტაპს საჭიროებს.