ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ბათუმში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "პრეზიდენტი ვერ არის ხასიათზე იმის გამო , რომ ამ სტიქიის შედეგად მან გასაქილიკებელი ვერაფერი ნახა".
როგორც ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი იტყუება, თითქოს ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოები შეჩერებულია. მისი თქმით, სააკაშვილს საუდის არაბეთიდან მოჰქონდა ოქროს ქვიშა და პლაჟი უნდა დაემშვენებინა.
"მინდა ვუპასუხო საქართველოს პრეზიდენტს. მან ყურადღება გაამახვილა პროექტზე "ბათუმი ბარაკების გარეშე" და სანაპიროს გამაგრების შესახებ. აჭარაში ასეთი გამოთქმაა, "ტყუილში მართალს არ ამბობსო" და ეს მეთოდი აირჩია საქართველოს პრეზიდენტმაც. 2010 წელს ჰოლანდიელებმა მართლაც განახორციელეს პროექტი ნაპირდამცავ სამუშაობეთან დაკავშირებით, რაც მილიონ 70 ათასი დაჯდა. 2011 წელს ბიუჯეტში ჩაიდო მხოლოდ 416 ათას 600 ლარი, რაც სააკაშვილისეული ერთი კონცერტის საფასურია; რაც შეეხება 2012 წელს - მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. ამით დასრულდა აღნიშნული პროექტი. სააკაშვილს საუდის არაბეთიდან მოჰქონდა ოქროს ქვიშა და პლაჟი უნდა დაემშვენებინა", - აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
მისივე თქმით, 2013 წელს საქართველოს ხელისუფლებამ 3 მილიონ 240 ათასი ლარი გამოყო ნაპირგამაგრებითი სამუშაოებისთვის და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აჭარაში ვიზიტისას დამატებით 3 მილიონ ლარის გამოყოფას დაჰპირდა.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ახალი ბულვარი დაათვალიერა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, "ბათუმს შველა სჭირდება", რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს და დაწყებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 50-მილიონ დოლარიანი პროექტი, რომელზეც აზიის ბანკთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა და სანაპირო ზოლის გამაგრებას ითვალისწინებდა, შეჩერებულია.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ვიღაცეების ჯინაზე არ უნდა გადავაყოლოთ ქალაქის ინფრასტრუქტურა". მიხეილ სააკაშვილმა ოქროს ქვიშებთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვიღაცეები ამბობენ, რომ ეს სააკაშვილის მორიგი ახირება იყო.