ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლები კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცებას მიესალმებიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლები კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცებას მიესალმებიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იენსენი (დანია) და ბორის სილევიჩი (ლატვია) საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმნენ, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თანამომხსენებლებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ცვლილებები მიღებულ იქნა როგორც მმართველი უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის შეთანხმების საფუძველზე.

"ამ ცვლილებით გაუგებრობისა და დაძაბულობის მნიშვნელოვანი წყაროს ჩახშობა მოხერხდა. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით ამას და განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ მისი მხარდაჭერა მოხდა მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე. ჩვენ ველოდებით, რომ იგივე სურვილი თანამშრომლობის და კომპრომისის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისასაც დაფიქსირდება, ისეთი, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა. თანამშრომლობის და კომპრომისის ამგვარმა სურვილმა, შესაძლოა, ჩამოაყალიბოს კარგი ბაზა ნაყოფიერი კოჰაბიტაციისთვის",-აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლები.

აქვე აღნიშნულია, რომ ასტრუპ იენსენი და ბორის სილევიჩი საქართველოს 7 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ფარგლებში ეწვევიან. ვიზიტის მიზანია, განიხილონ საქართველოში მიმდინარე უახლესი პოლიტიკური მოვლენები და მიმდინარე რეფორმები.