ფოთელი მეტალურგების გაფიცვა დასრულდა

ფოთელი მეტალურგების გაფიცვა დასრულდა

ფოთელი მეტალურგების გაფიცვა დასრულდა. პროფკავშირების შუამდგომლობით, გაფიცულებსა და ადმინისტრაციას შორის გაფორმდა შეთანხმება , რომლის მიხედვითაც, ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც მუშა-მოსამსახურეები აყენებდნენ, ეტაპობრივად მოგვარდება. 

"შეთანხმება მიღწეულია, ხელია მოწერილი შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნების 90% დაკმაყოფილებულია. რაც ყველაზე ფასეულია, ის შვიდი ადამიანი, რომლებიც პროტესტის გამო იყვნენ გათავისუფლებული, სამსახურში აღადგინეს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მეტალურგთა პროფკავშირების თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ. სამსახურში აღგენილი თანამშრომლების გარდა, შეიცვლება სამუშაო ცვლის გრაფიკი და გაუმჯობესდება პირობები.

ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტის განცხადებით, სრული დატვირთვით მუშაობა ხვალ, დილიდან განახლდება. "ქარხნის ადმინისტრაციამ გამოიჩინა კეთილი ნება და სამსახურში აღადგინა შვიდი დათხოვნილი თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ უხეშად დაარღვის შიდა განაწესი. ამასთან, დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნების ყველა პუნქტი, რომელიც წერილობით წარმოგვიდგინეს", - აღნიშნა ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი გუჯაბიძემ.

გაფიცულებსა და ქარხნის ადმინისტრაციას, დღეს, ფოთის მაჟორიტირი დეპუტატი ეკა ბესელია შეხვდა და არსებულ პრობლემები მოისმინა. ფოთის ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები 5 დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ, ორი მათგანი კი, პროტესტის ნიშნად, ორი დღე შიმშილობდა.