ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სფეროში გასული სამი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. 

გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში შიდა აუდიტისა და შიდა მენეჯერული კონტროლის სისტემის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით, პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით გაიმართა.

პრეზენტაცია, როგორც მაკოორდინირებელი სამინისტროს ხელმძღვანელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გახსნა.

საიუბილეო შეხვედრაზე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის, რომელიც აქტიურად ეხმარება ქართულ მხარეს შიდა აუდიტის განვითარების მიმართულებით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, გერმანელი კოლეგები ქართულ მხარეს დახმარებას სისტემის აწყობაში გაუწევენ. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრნენ შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსები და შიდა აუდიტორები. ასევე, სომხეთის ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

"მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი სომეხი კოლეგები, რომლებიც გაიზიარებენ საქართველოში არსებულ გამოცდილებას. იმედი მაქვს, შიდა აუდიტის სამსახურის მუშაობა ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, ბიუჯეტის ხარჯების ეფექტურად გამოყენებას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამინისტროების შიდა მენეჯმენტის განხორციელებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა მარტინ ჰომოლამ კი აღნიშნა, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან.

"დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი დაგვეხმარება ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდეს. მნიშვნელოვანია, შიდა აუდიტის რეფორმა თქვენს ქვეყანაში ჩატარდეს საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით. ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირება აუცილებელია, რათა ეფექტურად და მიზანმიმართულად მოხდეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა", – განაცხადა მარტინ ჰომოლამ.

დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროცესში შიდა აუდიტის განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს შიდა აუდიტის პოპულარიზაციას საჯარო სექტორში, ასევე შეჯამდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისთვის გასული 3 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, შიდა აუდიტი ჩამოყალიბებულია 12 სამინისტროში, დარჩენილ 4 სამინისტროში შესაბამისი სტრუქტურა უნდა შეიქმნას 2014 წლამდე.