მიხეილ სააკაშვილი:   ახლა ბათუმს უნდა შველა

მიხეილ სააკაშვილი: ახლა ბათუმს უნდა შველა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ახალი ბულვარი დაათვალიერა. პრეზიდენტი ბათუმის მერ ჯემალ ანანიძესთან ერთად სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს გაესაუბრა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, "ბათუმს შველა სჭირდება", რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს და დაწყებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 50-მილიონ დოლარიანი პროექტი, რომელზეც აზიის ბანკთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა და სანაპირო ზოლის გამაგრებას ითვალისწინებდა, შეჩერებულია. 

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ვიღაცეების ჯინაზე არ უნდა გადავაყოლოთ ქალაქის ინფრასტრუქტურა". მიხეილ სააკაშვილმა ოქროს ქვიშებთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვიღაცეები ამბობენ, რომ ეს სააკაშვილის მორიგი ახირება იყო:

"ნაპირსამაგრი სამუშაოები ყველა სწრაფადგანვითარებულ ქალაქში არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვამზადეთ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, პირადად ველაპარაკე აზიის ბანკის ხელმძღვანელობას, რათა ნაპირსამაგრი სამუშაოები საბოლოოდ დასრულებულიყო ბათუმში. მერე ვიღაცეებმა თქვეს ძალიან გაუგებრად, რომ თითქოს ეს დაკავშირებული იყო ოქროს ქვიშის პროექტთან. ოქროს ქვიშა ეს ისეთი რაღაცაა, ოქროს ქვიშას ან დაყრი, ან არ დაყრი, იმის მიხედვით, მერე როგორ ხასიათზე იქნები. ოქროს ქვიშა, პრაქტიკულად, არაფერი არ ჯდება. პროექტი იყო სანაპიროს შემოფარგვლა, რომ სანაპირო წყლისაგან დაცული იყოს, მერე შიგნით გინდ ქვიშა დაყარე და გინდ სხვა. ვინაიდან ქვიშა ვახსენეთ, ვიღაცამ თქვა, აი, სააკაშვილს ოქროს ქვიშა უნდა, ეს სააკაშვილის მორიგი ახირებაა? მოდი ახლა ეს პროექტი მთლიანად გავაჩეროთ. ჯერჯერობით, ეს პროექტი არის ჩაკარგული. იმედი მაქვს, რომ ეს არის გაუგებრობა იმიტომ, რომ ეს პროექტი არის ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ოქროს ქვიშა. ეს პროექტი არის, რომ წყალმა არ წაიღოს ბათუმი. ყველამ ვიცით, რომ ეს პროექტი შეჩერდა, რომ ეჭვის თვალით უყურებენ ჩემს ჯინაზე. დაივიწყეთ ჩემი არსებობა, ამ შტორმმა გაგვახსენოს ყველას, რომ ამ ქალაქს ემუქრება ზღვისგან წაღების საფრთხე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა სტიქიისგან დაზიანებული ახალი ბულვარი დაათვალიერა და წერეთლის ქუჩაზე ძლიერი ქარის მიერ დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა.

6 ბალამდე შტორმმა აჭარის სანაპიროებს 5 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა, განსაკუთრებით დაზიანდა ქობულეთის თამარ მეფის სანაპირო, სადაც 40-მეტრიანი ნაპირსამაგრი შენობა-ნაგებობა წაიღო და ასევე დაზიანდა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია.