ლევან ბერძენიშვილი მოელის, რომ შვეიცარიის ელჩის მსგავს განცხადებას სხვა ელჩებიც გააკეთებენ

ლევან ბერძენიშვილი მოელის, რომ შვეიცარიის ელჩის მსგავს განცხადებას სხვა ელჩებიც გააკეთებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მოელის, რომ შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის მსგავსს განცხადებებს სხვა ელჩებიც გააკეთებენ. 

როგორც დღეს ჟუნალისტებთან საუბარში ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, ის ეთანხმება გიუნტერ ბეხლერს იმაში, რომ საქართველო დღეს იმაზე უფრო თავისუფალია ვიდრე იყო და საქართველო რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა.

"ელჩმა თქვა, რომ საქართველო ახლა არის ბევრად თავისუფალი ვიდრე იყო და ბევრად უფრო თავისუფალი ვიდრე მეზობელი ქვეყნები. ეს მისი აზრია, მე ამ აზრს პატივს ვცემ. მე არ მაკმაყოფილებს საქართველოს თავისუფლების დონე, მაგრამ ამ შეფასებას ვეთანხმები. საქართველო, ახლა რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის პირველი მერცხალი და ალბათ მსგავს განცხადებებს სხვა ელჩებიც გააკეთებენ.

"თქვენ ნახავთ, რომ ალბათ სხვა ელჩებიც გააკეთებენ მსგავს განცხადებებს, რადგან ისინი საქართველოში მუშაობენ და ამ ქვეყანას შეფასებას აძლევენ", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, მას დახვდა ვითარება, რომ აშშ-შიც დაახლოებით ამ ტიპის ინფორმაცია აქვთ მიღებული ელჩ რიჩარდ ნორლანდისგან, რომ საქართველო დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე და ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში.

დეპუტატის შეფასებით, ევროპის სახალხო პარტიის წევრები ფაქტობრივად შეურაცყოფას აყენებენ ქართველ ხალხს, რადგან იციან, რომ მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს.