ლევან ყიფიანი:  ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის შემდეგ საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო

ლევან ყიფიანი: ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის შემდეგ საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი თბილისში ჩატარებული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილია. 

როგორც ყიფიანმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩემპიონატი მნიშვნელოვანი გამოდგა სპორტული შედეგების თვალსაზრისით და გარდა ამისა, სასიამოვნოა, რომ მაღალი შეფასებები მიიღო როგორც ჩემპიონატის ორგანიზატორმა და მასპინძელმა ქვეყანამ.

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ჭიდაობას მსოფლიოში მძიმე პერიოდი უდგას, ჩემპიონატის მასპინძლობის შემდეგ საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. გარდა ამისა, ჩვენმა სპორტსმენებმა 14-დან 7 მედლის მოპოვება შეძლეს და ამ მხრივაც კმაყოფილები ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და სამომავლოდ უფრო მეტი ოქროს მედლები გვინდა", –აღნიშნა ლევან ყიფიანმა.

ამასთან, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდული პროექტების მიმართულებაზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებულ ახალ პროექტებზე ისაუბრა.

"ჩვენი მიზანია ახალგაზრდები განვითარდნენ როგორც კედლის მიღმა, ასევე მის გარეთ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხელმისაწვდომი ხდება სპორტის სახეობები. მივავლინეთ რაგბისა და ფეხბურთის მწვრთნელები, გარდა ამისა ეწყობა ბიბლიოთეკები, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობები. ამ ყველაფერს იქ მყოფი ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან, რაც იმედს გვაძლევს, რომ მათ მიერ იქ გატარებული დრო მალე გაივლის და გათავისუფლების შემდეგ ახალგაზრდები საზოგადოებას სრულფასოვანი მოქალაქის თვითშეგრძნებით დაუბრუნდებია", – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.

ლევან ყიფიანი ჟურნალისტებს მთავრობის პროექტის – "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ხვდება.