პარლამენტი მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე პრეზიდენტს მოუსმინოს

პარლამენტი მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე პრეზიდენტს მოუსმინოს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერისა და გამოქვეყნებისთანავე, პარლამენტი მზად არის, მიხეილ სააკაშვილს მოუსმინოს .

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გუშინ განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. მისივე თქმით, როგორც კი კანონპროექტი გამოქვეყნდება, დაიწყება კონსულტაცია, თუ როდის შეიძლება პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილბების მიღება დავით უსუფაშვილმა მოსახლეობას მიულოცა.

"სიმბოლურია, რომ დღეს 25 მარტია. ზუსტად სამი თვის წინ, 25 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოვლიდან გამოსვლისას ამის თაობაზე გარკვეული საუბრები გამართა და მას შემდგომ პროცესი დაიწყო. მინდა, ეს მოვლენა პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას და მის მიერ არჩეულ პარლამენტს მივულოცო, რომელიც ამ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ იქნება ხალხის ნების ექსკლუზიური აღმსარულებელი, გამომხატველი იმ საკითხში, თუ ვინ და როგორ უნდა მართოს ქვეყანა. ამ პროცესმა ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ არაუშავს, სჯობს, პოლიტიკურ ძალებს შორის ეს ვნებათაღელვა იყოს ამ დარბაზში, სხვა დარბაზებში და შემდეგომ ხალხისათვის სწორი გადაწყვეტილების მიღება მოვახერხოთ. მგონია, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას წაადგება" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა საკონტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ, მესამე მოსმენით გუშინ მიიღო.