ბაქრაძე - უმცირესობის ამოცანა კონფრონტაცია და ჩხუბი არ არის

ბაქრაძე - უმცირესობის ამოცანა კონფრონტაცია და ჩხუბი არ არის

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში უმცირესობა სასამართლოების შესახებ პაკეტს მხარს დაუჭერს. "თუ მთავრობა და პარლამენტი მზად იქნება, რომ სასამართლოების შესახებ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომედაციები სრულად გაითვალისწინოს, ამ შემთხვევაში უმცირესობა მას მხარს დაუჭერს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, უმცირესობის ამოცანა არ არის კონფრონტაცია და ჩხუბი, არამედ მთავარი ამოცანაა საქართველომ მიიღოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას წაადგება როგორც შიგნით, ასევე გარეთ, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას.

"ჩვენ გუშინ გვქონდა სამუშაო შეხვედრა და გამოითქვა უმრავლესობის და მთავრობის მზადყოფნა, რომ პროცესი გადაიდოს და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები, რომ გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიისა და უმცირესობის შენიშვნები", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერი პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული და პრეზიდენტი მზად არის ეწვიოს პარლამენტს ყოვეწლიური ანგარიშით.

"თავის დროზე, უმრავლესობამ დაუშვა შეცდომა, როდესაც პრეზიდენტის მოსვლაზე უარი თქვა. პრეზიდენტი თანახმაა, რომ მოვიდეს პარლამენტში და სიტყვით წარსდგეს ყოველწლიური ანგარიშით", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.