მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ძალაუფლების დათმობაზე ხელისუფლების მოთხოვნას შემაშფოთებლად მიიჩნევს

მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ძალაუფლების დათმობაზე ხელისუფლების მოთხოვნას შემაშფოთებლად მიიჩნევს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ძალაუფლების დათმობის თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას შემაშფოთებლად მიიჩნევს.

საქართველოში არსებულ ვითარებას ბრაიზა ატლანტიკური საბჭოს ვებ-გვერდზე წერილით - "არეულობა თბილისში, "ქართული ოცნება საფრთხეშია" ეხმაურება.

"ევროპასა და ვაშინგტონს შეუძლია დახმარების გაწევა პრემიერ ივანიშვილის კოალიციის იმ მაღალჩინოსნებთან კარგი ურთიერთობებით, რომლებიც ნათლად აცხადებენ, რომ საქართველოს ნამდვილი ოცნება არჩეული პრეზიდენტის დამცირება კი არა, დემოკრატიული სახელმწიფოს ევროატლანტიკურ გაერთიანებაში სრული ინტეგრაციაა", - წერს ბრაიზა.

ამასთან, ის "ვარდების რევოლუციას" იხსენებს და აღნიშნავს, რომ თავად იყო მოწმე, როგორ აარიდეს თავი ძალადობას სააკაშვილმა, მისმა მოკავშირეებმა და პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

"შეშფოთების საგანია კოალიციის მოთხოვნა, რომ პრეზიდენტმა დათმოს მთავარი კონსტიტუციური ძალაუფლება მისი დემოკრატიული უფლებისა და მოვალეობის სანაცვლოდ, გამოვიდეს მიმართვით ერის წინაშე. დემოკრატია არ არსებობს იქ, სადაც სიტყვის თავისუფლება საქონელი ჰგონიათ, რომლის გადაცვლაც შეიძლება", - წერს მეთიუ ბრაიზა.

ბრაიზას წერილის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.